Accessibility links

logo-print

დავით უსუფაშვილი: საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უსაფუძვლო უწოდა მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას რაიმე საფრთხე ემუქრება. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ქვეყნის პარლამენტი განსაზღვრავს და მას ეს კურსი განსაზღვრული აქვს არაერთხელ, მათ შორის 2014 წლის ივლისში, როცა პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და მისი პროგრამა. დავით უსუფაშვილის თქმით, თუკი კურსის აღსრულებას რაიმე პრობლემები და საფრთხე შეექმნა, ეს ამ მიმართულების წამყვანი მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვებაა. „ამან, რა თქმა უნდა, შექმნა პრობლემები კურსის აღსრულების მიმართულებით, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში ეს სამინისტროები ხელმძღვანელების გარეშე აღმოჩნდნენ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე ამ თანამდებობებს დაიკავებენ შესაბამისი კვალიფიკაციის და პოლიტიკური ხედვის ადამიანები და ქვეყანა გააგრძელებს ევროპულ ინტეგრაციას. პარლამენტის თავმჯდომარემ სამ ყოფილ მინისტრს მადლობა გადაუხადა საგარეო-პოლიტიკური მიმართულებით საქართველოს წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის და სინანული გამოთქვა, რომ მათთან ერთად აღარ მოუწევთ საქმიანობა კოალიცია „ქართულ ოცნებას,“ მთავრობას და პარლამენტს. „ჩვენ გვქონდა მათი იმედი და გვინდოდა, რომ ბოლომდე ემსახურათ ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, მინისტრი პოლიტიკური თანამდებობის პირია და როგორც ზოგადად ყველა პოლიტიკოსს, პერიოდულად უწევს პოლიტიკური არჩევანის გაკეთება. „თუმცა ვისურვებდი, რომ ეს მოვლენები ასე ფორსირებულად არ განვითარებულიყო“, - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე შეფასებით, სრულიად შესაძლებელი იყო, რომ პოლიტიკური კატაკლიზმების გარეშე მომხდარიყო კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და ჭეშმარიტების დადგენა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესის ყველა ძირითადი მონაწილე ნებით, თუ უნებლიეთ ზედმეტად აჩქარდა.

XS
SM
MD
LG