Accessibility links

logo-print

ივანიშვილი ალასანიას შეცდომად მიიჩნევს პროკურატურასთან დაპირისპირებას


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, პროკურატურასთან დაპირისპირება ირაკლი ალასანიას შეცდომა იყო. ივანიშვილმა 8 ნოემბერს "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ ერთადერთი სწორი პოზიცია იქნებოდა, ალასანიას პროკურატურისთვის მიეცა გამოძიების საშუალება და ამ პროცესში თავადაც დახმარებოდა. ივანიშვილის თქმით, მას არაფერი აქვს პირადად ალასანიას საწინააღმდეგო, რის შესახებაც უთხრა კიდეც მას 7 ნოემბერს გამართული შეხვედრის დროს. ყოფილ პრემიერს ასევე შეცდომად მიაჩნია ალასანიას არჩევა „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარედ. მისი განმარტებით, სანამ ალასანიას ყოფილი უწყების, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ პროკურატურას შეკითხვები აქვს, ალასანია პარტიისაგან განზე უნდა გადგეს და მას პრობლემები არ შეუქმნას. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბრისას გააკრიტიკა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ალასანიას მისამართით გამოთქმული შეფასებების გამო. სავარაუდოდ, ივანიშვილი გულისხმობდა ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ალასანია "ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური" მინისტრი იყო.

XS
SM
MD
LG