Accessibility links

logo-print

ივანიშვილი "ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად" მიიჩნევს კვალიფიციური ანალიზის ნაკლებობას


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევს კვალიფიციური ანალიზის ნაკლებობას. ეს მოსაზრება ივანიშვილმა გამოთქვა საქართველოს "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში. ივანიშვილის თქმით, ვითარების გასაუმჯობესებლად ის საჭიროდ მიიჩნევს ანალიტიკოსების მომზადებას, რაც უკვე დაწყებულია და, ამას გარდა, მას თანამოაზრეებთან ერთად შექმნილი აქვს „საზოგადოება 2030“. ივანიშვილის აზრით, დაახლოებით 20 წელია საჭირო იმისათვის, რომ საქართველო ევროპული ტიპის სახელმწიფო გახდეს. „ყველა ჩვენი ანალიზი, ყველა ჩვენი აქცენტი გაკეთებული იქნება მხოლოდ საზოგადოების საერთო ინტერესებზე. და შიგნითვე ჩვენ მოვახერხებთ, სანამ ჩვენ გამოვიტანთ საჯაროზე, ჩვენს დამოკიდებულებას ნებისმიერ მოვლენასთან შიგნით მოვთელავთ, რომ არ გამოგვეპაროს რაიმე კერძო, ან პირადი ინტერესები. ამავე საზოგადოებას და ამავე სახელით „2030“ ტელეპროექტი გვექნება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ თავმჯდომარეა. მისი თქმით, გადაცემა "საზოგადეობა 2030" ტელეკომპანია GDS-ის ეთერით გავა. ივანიშვილი, სავარაუდოდ, კვირაობით მიიღებს მონაწილეობას პროგრამაში და "ერთი საათის განმავლობაში სამ წამყვანთან ერთად" გააკეთებს "ძირითად ანალიზს". ივანიშვილის აზრით, ამჟამად ერთი მხრივ, არის „იდეალური სიტუაცია“, რადგან ხელისუფლებას არა აქვს თავისი „საინფორმაციო ხელმისაწვდომი“ ტელევიზია. მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს „რუსთავი 2“, რომელიც, ივანიშვილის აზრით, „პირდაპირ აგიტაციას უწევს“ ნაციონალურ მოძრაობას და არსებობს რამდენიმე კერძო ტელევიზია, რომელსაც "ბიზნესმიმართული, თუ თავისი კერძო ინტერესები შეიძლება გააჩნდეს".

XS
SM
MD
LG