Accessibility links

სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდა ვალერი გელაშვილის საქმეზე


საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი დაუმძიმდათ ვალერი გელაშვილის საქმეზე. პროკურატურის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის წევრზე, ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისა და მისი ცემის შემდეგ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნით გელაშვილს დადგენილი ჰქონდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. მაგრამ ლიტველი და ქართველი ექსპერტების ერთობლივი კომისიური საექსპერტო კვლევის შედეგად, მას დაუდგინდა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. მიხეილ სააკაშვილს და ივანე მერაბიშვილს, რომელთაც ბრალად ედებოდათ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ბრალდება დაუმძიმდათ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის. გამოძიების ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, 2005 წელს საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზედაც ირაკლი ოქრუაშვილისაგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს. მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო დავალების შესრულება 2005 წლის 14 ივლისს.

XS
SM
MD
LG