Accessibility links

მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირებულთა რაოდენობა იზრდება


გადაუხდელი ვალებისა და უკანასკნელ საცხოვრისდაკარგულთა თემა საქართველოში კვლავ აქტუალურია. ბოლო წლებში, მიუხედავად ხელისუფლების დეკლარირებული სურვილისა, ამ პრობლემის დაძლევა, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ მოხერხდა.

მოვალეთა რეესტრის 7 ნოემბრის ინფორმაციით, მოვალეთა ბაზაში 132 ათასი გადახდისუუნარო პირია მოხვედრილი. ერთ წელიწადში მოვალეთა რეესტრის ბაზა 34 ათასზე მეტი ადამიანით გაიზარდა. 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში რეესტრში 98 ათასამდე ფიზიკური და იურიდიული პირი იყო რეგისტრირებული. სააღსრულებლო ბიუროს ინფორმაციით, 2014 წლის სექტემბრის მდგომარეობით, სააღსრულებო საქმეთა რაოდენობამ 7 ათას ერთეულს გადააჭარბა, აღსრულებულ საქმეთა რაოდენობამ - 4,6 ათასს, აღსრულებული საქმეების 8% (381 ერთეული) შეადგენდა სამოქალაქო უზრუნველყოფილ და არაუზრუნველყოფილ საქმეებს. სექტემბერში დასრულებულ საქმეთა რაოდენობამ შეადგინა 5,6 ათასი სააღსრულებო საქმე. დასრულებული საქმეების 10% შეადგენდა სამოქალაქო უზრუნველყოფილ და არაუზრუნველყოფილ საქმეებს.

საქართველოში ბანკების მიერ გაცემული სესხების თითქმის 10% პრობლემურია. მოვალეთა რეესტრში დღეისთვის ასი ათასზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირია. მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზის მიხედვით, სადაც 124 ქვეყნის პრობლემურ სესხებზეა ინფორმაცია, საქართველო 52-ე ადგილზეა, რაც საშუალოზე ოდნავ უკეთესი მაჩვენებლია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრობლემური სესხების ასეთი მცირე წილი ბანკების მიერ გაცემული სესხების მთლიან რაოდენობაში იმით არის გამოწვეული, რომ მათი რეალური რაოდენობა, რომელიც უკვე შემაშფოთებლად მაღალია, არაოფიციალურ ბაზარზე კერძო მევახშეებისგან არის აღებული. პრობლემური სესხების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა, როდესაც მსესხებლები კარგავენ სახლებს და უსახლკაროდ რჩებიან. უნდა აღინიშნოს, რომ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების წილი სისტემატიურად იზრდებოდა ბოლო 6-7 წლის განმავლობაში, რაც იმის მანიშნებელია, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი დგას ბინის დაკარგვის საფრთხის წინაშე.

გამომწვევ მიზეზებზე საუბრის დროს ადრეც გვითქვამს, რომ პრობლემური სესხების რაოდენობის ზრდას იწვევს მაკროეკონომიკური ფაქტორები (ეკონომიკური ზრდა, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, სიღარიბის დონე და შემოსავლების უთანასწორობა), ბიზნესსექტორის სპეციფიკა (რისკების არაადეკვატური შეფასება და რისკების მართვის არცოდნა) და სხვა ფაქტორები, როგორიცაა მსესხებლის არაინფორმირებულობა, ჭარბი ვალი (ვალის აღება სხვა ვალის დასაფარად), არაადეკვატური ჯარიმები და დაუბალანსებელი სააღსრულებო კანონმდებლობა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო სესხზე საშუალო საპროცენტო განაკვეთის სიდიდით მსოფლიოში მეთერთმეტე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მეორე, ხოლო კავკასიაში პირველ ადგილზეა. მსესხებელთა დიდი უმრავლესობისთვის კერძო მევახშისგან სესხის აღება უკიდურესი გამოსავალია, რომელსაც მაშინ მიმართავენ, როდესაც კომერციული ბანკებიდან სესხზე უარს იღებენ ან ცდილობენ დაფარონ ფინანსური ინსტიტუტებიდან უკვე აღებული პრობლემური სესხი.

შესაბამისად, ამ პრობლემების დარეგულირების გარეშე, რაც კომპლექსური თემაა და ქვეყანაში სოციალური და ბიზნესსექტორის გაუმჯობესება-განვითარებაზე გადის, მევალეთა მდგომარეობის ან მძიმე სტატისტიკის გაუმჯობესებას არ უნდა ველოდეთ.

XS
SM
MD
LG