Accessibility links

logo-print

ბირთვულ სფეროში ირანის მთავარი წარმომადგენელი მოსკოვთან შეთანხმებას გააფორმებს


ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი 11 ნოემბერს რუსეთთან გააფორმებს შეთანხმებას, რომელიც ორი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. როგორც მოელიან, ალი აკბარ სალეჰი შეთანხმებას მოსკოვში ვიზიტისას გააფორმებს. ირანის მედიაში გავრცელებული ცნობებით, ამ ორ სადგურს რუსეთი ააშენებს ირანში, უკვე მოქმედ ბუშერის სადგურთან ახლოს, რომელიც ირანის ერთადერთ ატომურ ელექტროსადგურს წარმოადგენს. ირანს ნათქვამი აქვს, რომ აპირებს 20 ატომური სადგურის აშენებას, რათა შეამციროს ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულება. სექტემბერში ირანმა და რუსეთმა გააფორმეს რამდენიმე შეთანხმება ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში. 11 ნოემბრის ვიზიტის ფონია ირანსა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის დაწესებული ბოლო ვადის, 24 ნოემბრის მოახლოება იმ შეთანხმების მისაღწევად, რომელმაც დასავლეთს უნდა გაუფანტოს შეშფოთება თეირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე. ირანი უარყოფს დასავლეთის ბრალდებას, რომ ის საიდუმლოდ ბირთვულ იარაღზე მუშაობს.

XS
SM
MD
LG