Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი და ბრიუსელი გამოეხმაურნენ შვეულმფრენის ჩამოგდებას მთიანი ყარაბაღის რეგიონში


ვაშინგტონმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის არმიის მიერ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის სამხედრო შვეულმფრენის ჩამოგდების გამო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ჯენ საკის განცხადებით, მომხდარი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ამ რეგიონში დაძაბულობის შემცირებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვის საჭიროებას. საკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება“. ეუთოს „მინსკის ჯგუფმა“, რომელშიც თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთი, რუსეთი და აშშ, განაცხადა, რომ 12 ნოემბრის ინციდენტი აჩვენებს კონფლიქტის „გრძელვადიანად მოგვარების მცდელობების სასწრაფოდ ინტენსიფიკაციის“ საჭიროებას. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 12 ნოემბერს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს შვეულმფრენი, რომელიც „შეეცადა ცეცხლი გაეხსნა“ მათთვის. სამინისტროს განცხადებით, „წინასწარი ინფორმაციით, შვეულმფრენში მყოფი სომხეთის არმიის სამი ჯარისკაცი დაიღუპა“. მოგვიანებით, ბაქომ გაავრცელა ინფორმაცია შვეულმფრენის ჩამომგდები სამხედროს - ილკინ მურადოვის დაჯილდოების შესახებ. დავიდ ბაბაიანმა, მთიანი ყარაბაღის ძალების წარმომადგენლის თანახმად, შვეულმფრენი საწვრთნელ მისიას ასრულებდა და საომარ ოპერაციაში არ მონაწილეობდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა არცრუნ ჰოვანისიანმა ინციდენტი შეაფასა „უპრეცედენტო პროვოკაციად, რომელიც ვითარების ესკალაციას იწვევს“. ჰოვანისიანმა შვეულმფრენის მიერ აზერბაიჯანის სამხედროებზე იერიშის ვერსიას „აბსურდი“ უწოდა. სომხეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა აგრეთვე განაცხადა, რომ ამ ინციდენტს „აზერბაიჯანისთვის მტკივნეული შედეგები მოყვება და მთელი პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრება“. ბოლო ოცი წლის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის რეგიონში პირველად ჩამოაგდეს შვეულმფრენი. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია მხარეებმა გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ ნებისმიერ ქმედებასა თუ განცხადებას, რომელიც ვითარების ესკალაციას გამოიწვევდა“. მოგერინი ინციდენტის გამოძიების მოწოდებითაც გამოვიდა.

XS
SM
MD
LG