Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა თამარ ბერუჩაშვილისა და რიჩარდ ნორლანდის შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის და აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს ქვეყნის საგარეო კურსის საკმაოდ მკაფიო ხედვა აქვს. რიჩარდ ნორლანდის ინფორმაციით, თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრისას ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, იმ ე.წ. ხელშეკრულებებზე, რომელთა გაფორმებას რუსეთი გეგმავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე. „როგორც ეს წინა მთავრობის და წინა მინისტრის შემთხვევაში იყო, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარს ასი პროცენტით უჭერს", - განაცხადა ელჩმა. რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ განიხილეს მთელი სპექტრი პრიორიტეტული საკითხებისა, რომლებზეც უახლოესი პერიოდის განმავლობაში უნდა იმუშაონ. მინისტრის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება მომავალ კვირაში ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი და მისი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. თამარ ბერუჩაშვილის განცხადებითვე, უმნიშვნელოვანესია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის გათვალისწინებით, აშშ-ის მთავრობასა და სხვა პარტნიორებთან ურთიერთობის გააქტიურება საქართველოსთვის პრიორიტეტულ ყველა საკითხზე. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აშშ-ის ელჩთან დღევანდელი შეხვედრისას ისაუბრეს რეგიონში და მსოფლიოში არსებულ საფრთხეებზე. თამარ ბერუჩაშვილის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მცდელობაზე მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ანექსია.

XS
SM
MD
LG