Accessibility links

logo-print

გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტში


პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრებს. "მე არ მოვსულვარ პარლამენტში ერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან სასაუბროდ, არამედ მთლიანად საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო ორგანოსთან მინდა საკითხები განვიხილო. მე მოვედი საქართველოს მთელი მოსახლეობის მანდატით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სახელით, რომ ქართველი ხალხის წარმომადგენლებს გაგიზიაროთ ჩემი ხედვა ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს შეიარაღებული ძალების წვლილზე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში: "ჩვენი სამხედროები გლობალური უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცებაში თავისი სიცოცხლის რისკის ფასად, უაღრესად საპასუხისმგებლო როლს ასრულებენ, როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. მათი კონტრიბუცია აღიარებულია პარტნიორი ქვეყნების მიერ და მათ დაიმსახურეს უმაღლესი შეფასება როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან. საქართველო მზადაა მომავალშიც შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი გლობალური უშიშროების განმტკიცებაში და უშიშროების საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება 2015 წლიდან ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილება განისაზღვრება 750 ჯარისკაცით". გიორგი მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა დემოკრატიის თვალსაზრისით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. "ახალი ხელისუფლების დემოკრატიული სტანდარტი ბევრად აღემატება ძველს, თუმცა დასავლური ყაიდის ინსტიტუციონალური მმართველობა ჩვენს წინაშე მდგარი რეალური გამოწვევაა და ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. უნდა გავუსწოროთ თვალი იმას, რომ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ჩვენი ყველას პრინციპული ძალისხმევა სჭირდება. იმისთვის რომ შევიდეთ ევროპაში, უნდა გავხდეთ ევროპა ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი დემოკრატიულობით, ჩვენი პლურალიზმით. უნდა ჩამოვაყალიბოთ მართვის დასავლური სისტემა და ჭეშმარიტად სამართლებრივი სახელმწიფო; სახელმწიფო, სადაც სამართლის უზენაესობა არის ხელშეუვალი პრინციპი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

XS
SM
MD
LG