Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-უკრაინის საზღვარი 70-ზე მეტმა სატვირთო მანქანამ გადაკვეთა


უკრაინის აღმოსავლეთში შეინიშნება სეპარატისტებისა და რუსეთის ძალების მზადება შეტევითი ოპერაციებისთვისო, განაცხადა კვირას უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ. ამასთან, საბჭოს მონაცემებით, შაბათიდან კვირამდე დროის მონაკვეთში ოდნავ შემცირდა სეპარასტისტების მიერ უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებისკენ სროლის ინტენსიურობა, რაც, საბჭოს ვარაუდით, ძლიერ ნისლს უკავშირდებოდა. არმიის ოპერაციების პრეს-ცენტრის ინფორმაციით, ერთი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიის პოზიციებს 26-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. შედეგად, დაიჭრა 6 სამხედრო. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ აქვეყნებს ანდრეი ლისენკოს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ 16 ნოემბერს დილით რუსეთიდან უკრაინაში, სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან „დონეცკი-იზვარინო“ და „მატვეევი-კურგანი-უსპენკა“ ე.წ. „ჰუმანიტარული კოლონის“ სახით 70-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა. უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლის ანდრეი ლისენკოს თანახმად, რუსეთის ძალები არღვევენ საერთაშორისო და უკრაინის კანონმდებლობას. მისი სიტყვებით, უკრაინის მესაზღვრეები და მებაჟეები მხოლოდ თვალყურს ადევნებდნენ საზღვარზე ტვირთის გავლას, „მათზე დაკისრებული მაკონტროლებელი ფუნქციების შეუსრულებლად“. „ტვირთის რაობა და მისი დანიშნულება უკრანის მხარისთვის უცნობია“, - განაცხადა ლისენკომ. რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ინფორმაციით, 450 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი 16 ნოემბერს დონბასში ჩაიტანა მეშვიდე ავტოკოლონამ, რომელიც 70-ზე მეტი მანქანისგან შედგებოდა და შეიცავდა ელექტროტექნიკურ მოწყობილობას და სამშენებლო მასალებს.

XS
SM
MD
LG