Accessibility links

სერგეი ლავროვი სახელმწიფო დუმას მიმართავს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს სახელმწიფო დუმას მიმართავს და ყურადღებას გაამახვილებს კრიზისზე უკრაინის აღმოსავლეთში. პარლამენტის ქვედა პალატაში გამოსვლამდე ლავროვი მოსკოვში ვიზიტად მყოფ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან ე.წ. მინსკის პროტოკოლთან მიბრუნების საჭიროებაზე, ანუ დიალოგის განახლებაზე ფორმატში, რომელიც აერთიანებს უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებს, რუსეთსა და ეუთოს. შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არ უყურებს მინსკის პროტოკოლით უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების გაუმჯობესებას. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოსკოვში ჩავიდა კიევიდან, სადაც შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, რომელმაც შტაინმაიერს განუცხადა, რომ რუსეთი არღვევს 5 სექტემბრის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. 18 ნოემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთი დაადანაშაულა უკრაინის აღმოსავლეთსა და უკრაინა-რუსეთის საზღვართან რუსეთის ტერიტორიაზე „სერიოზულ სამხედრო მზადებაში“.

XS
SM
MD
LG