Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში გრძელდება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი


21 ნოემბერს ვენაში გაგრძელდება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი. 24 ნოემბრამდე ირანმა და ე.წ. „მსოფლიოს ექვსეულმა“ უნდა მიაღწიონ გრძელვადიან შეთანხმებას. 20 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გვიან ღამით შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფსა და კეტრინ ეშტონს, რომელიც ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებელია. მანამდე, ჯერ კიდევ პარიზში ყოფნისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები „ერთიან პოზიციაზე არიან“ ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებით. 21 ნოემბერს მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვებიან საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები - ლორან ფაბიუსი და ფილიპ ჰამონდი. ჰამონდმა განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არ უყურებს 24 ნოემბრამდე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას. რუსეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ვითარება დაძაბულია და დათქმულ ვადაში შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება. 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მოლაპარაკების მონაწილეებს მოქნილობის გამოჩენისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG