Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტის მცველი ლილი


ლილი ლომსაძე
ლილი ლომსაძე

2015 წელს ქართული სპორტის მუზეუმს 50 წელი უსრულდება. მისი გახსნის იდეა კი 1964 წლის 18 ნოემბერს, მას შემდეგ გაჩნდა, რაც თბილისის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ლილი ლომსაძე ის ქალია, რომელმაც 50 წლის წინ საკუთარი ხელით დაიწყო უნიკალური ქართული სპორტული ექსპონატების შეგროვება და დღემდე ამ ექსპონატების მცველია.

ქართული სპორტის უნიკალურ ექსპონატებს - მედლებს, თასებს, ალბომებს, ფოტოებს, ცნობილი სპორტსმენების სპორტულ ატრიბუტებს - ზუსტად 50 წელია ლილი ლომსაძე იცავს და აგროვებს. სპორტსმენებმა და მათმა ოჯახის წევრებმა ზუსტად იციან, რომ მათი სპორტული მიღწევების აღმნიშვნელი, მათთვის ძვირფასი ნივთების საუკეთესო მცველი სწორედ ის არის. 25 წლის იყო, პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი რომ დაამთავრა და სამუშაოდ ფიზკულტურის ინსტიტუტში, ისტორიის კათედრაზე გაანაწილეს. სწორედ იმ ხანებში, 60-იანი წლების დასაწყისში, გაიცნო ლილიმ გიორგი სიხარულიძე, სპორტკავშირის თავმჯდომარე და ქართული სპორტის მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი, იდეა კი მუზეუმის გახსნის თაობაზე ქართული სპორტისთვის ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ გაჩნდა.

1964 წლის 18 ნოემბერს თბილისის „დინამოს" ფეხბურთელთა გუნდმა ისტორიაში პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. ეს ქართული ფეხბურთის პირველი დიდი გამარჯვება იყო. გადამწყვეტ შეხვედრაში დინამოელებმა მოსკოვის „ტორპედოს" 4:1 სძლიეს. სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ გადაწყდა ქართული სპორტის მუზეუმის გახსნა. 1965 წლის 14 აგვისტოს მუზეუმი თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე, საქართველოს ფიზკულტურის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან გაიხსნა. ლილი ლომსაძე იმ დროს იხსენებს, როდესაც ის და გიორგი სიხარულიძე მუზეუმის გახსნისთვის ემზადებოდნენ:

„გიორგი სიხარულიძე იწვევდა თათბირებს, ცნობილ, წარმატებულ სპორტსმენებს ეკითხებოდა აზრზს, ყველას იბარებდა - ძველ ჩემპიონებს, ყოფილ სპორტსმენებს. მახსოვს, ბორია პაიჭაძეს არ ეცალა და მისი ცოლი მოდიოდა ხოლმე შეკრებებზე, ქალბატონი მარგო, ისეთი ლამაზი ქალი. მან გადმოგვცა ბორიას რამდენიმე ნივთი, საოჯახო ალბომი მოიტანა. საკუთარი ხელით ვაკეთებდით ყველაფერს. იქ გასახერხი იყო რაღაც, იქ დასაჭედებელი... იცით, როგორი იყო პირველი სტენდი? ბურთი შევღებეთ ოქროსფრად, გავუკეთეთ სხივები, ისინიც ოქროსფრად შევღებეთ. გავაკარით ბიჭების ფოტოები და რომ შემოდიოდა ხალხი, იძახდა, ოოო, ოქროს ბიჭებიო“.

სპორტის მუზეუმი
სპორტის მუზეუმი

დღეს ქართული სპორტის მუზეუმი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, პირველ სართულზე, საკმაოდ პატარა სივრცეშია განთავსებული. ის სულ ერთი მომცრო დარბაზისგან შედგება. სადაც არ უნდა გაიხედო, იატაკიდან ჭერამდე, ყველგან სამუზეუმო ექსპონატებია ჩამოკიდებული და გამოფენილი. ლილი თითოეულ ექსპონატთან, თითოეულ ფოტოსთან, თითოეულ თასთან, თითოეულ მედალთან მიდის და უნდა, რომ ყველას ამბავი დაწვრილებით მიამბოს, ყოველი მათგანის განსაკუთრებულობაში დამაჯეროს. ამ ექსპონატების რაოდენობა 8 000-მდეა. მორიდებით ვეუბნები, ყველას ამბავს მაინც ვერ მოვყვებით ერთ სიუჟეტში-მეთქი, მაგრამ ისეთი სიყვარულით, ემოციით და ისეთი თვალებით ჰყვება იმ ნივთების ისტორიებს, რომლებსაც 50 წელზე მეტია იცავს, რომ ვერ ვაწყვეტინებ:

„ისე მიყვარს თითოეული ნივთი, ყოველ დილით რომ შემოვდივარ, ჩვრით ვასუფთავებ, ყველას ვეფერები, თითოეული მათგანი მიყვარს. პირველად რომ მოვედი აქ და დავინახე, შუშის კარი ჰქონდა მუზეუმს, ვერ მივდიოდი სახლში. ვიდექი ხოლმე და მეკითხებოდნენ, აქ რატომ დგახარო? მე კიდევ ვპასუხობდი, აბა, ეს განძი შუშის კარში როგორ დავტოვო-მეთქი. სპორტის სასახლეში ამ ექსპონატებს 6 გასაღებით ვიცავდი“.

სპორტის მუზეუმის ექსპონატები
სპორტის მუზეუმის ექსპონატები

სანამ მუზეუმი სპორტის სამინისტროში გადაინაცვლებდა, მანამდე, თითქმის 25 წლის მანძილზე, 1977 წლის ბოლოდან 2005 წლამდე, მუზეუმი სპორტის სასახლეშიიყო განთავსებული. სწორედ სპორტის სასახლეში გამოიარა მუზეუმმა თბილისური 90-იანი წლები, სამოქალაქო ომი. იმ პერიოდზე ლაპარაკისას ლილის თვალები უქრება, თითქოს ბეჭებში იხრება და თავიდან უტევს ის შიში, რომელიც მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად გადაიტანა.

„გავიგებდით, აი, რაღაცას უპირებენ სპორტის სასახლეს, ლულა მოუშვირეს, უნდა დაანგრიონ. მოვკიდებდი ამ მედლებს და თასებს ხელს და შევკეტავდი სეიფში. მთელი სპორტის სასახლე გაიძარცვა იმ პერიოდში, ყველა ოთახი, მარტო ჩვენს მუზეუმს ვერ ახლეს ხელი. მე და ჩემი ქმარი ღამეებს ვათენებდით იქ. აი, ასე გადავიტანეთ ეს წლები. ამას ვერ გააკეთებ, თუ გული არ გტკივა“, - მეუბნება სპორტული ექსპონატების მცველი.

არ არსებობს თითქმის არანაირი სპორტული მიღწევა ქართული სპორტის ისტორიაში, რომლის აღმნიშვნელი ექსპონატი, თასის თუ მედლის სახით, ლილის საცავში, ანუ მუზეუმში, არ ინახებოდეს. მათ შორისაა 1906 წელს ჩამოყალიბებული სპორტსაზოგადოება „შევარდნის“ უნიკალური მასალები, ქართული სპორტული სამკერდე ნიშნების ასევე უნიკალური კოლექცია. ლილი მუზეუმის მარჯვენა კედელთან დგას. იქ გიორგი ნიკოლაძის ფოტოებია გამოკიდებული და, კიდევ, მისი დის, თამარ ნიკოლაძის, ხის გაქექილი ჩოგანი დევს. გიორგი ნიკოლაძე, ნიკო ნიკოლაძის შვილი, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის გამორჩეული სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე იყო. გიორგიმ 1912 წელს, პეტერბურგის გუნდ „სოკოლის“ შემადგენლობაში, მეექვსე მსოფლიო შეკრებაზემიიღო მონაწილეობა პრაღაში. მოგვიანებით დააარსა პირველი სატანვარჯიშო საზოგადოება თბილისში, თუმცა, როგორც ლილი მიამბობს, ის არა მხოლოდ გამორჩეული ტანმოვარჯიშე იყო, სპორტის სხვა სახეობებსაც წარმატებით ართმევდა თავს. თვალს ვერ მოწყვეტ შავ-თეთრ ფოტოს, რომელზეც ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა ბიჭი თავის დასთან, თამართან ერთად დგას. იქვე აწყვია გიორგის რკინის წრიაპები და ბამბუკის სათხილამურო ჯოხები. 1923 წლის 28 აგვისტოს სწორედ გიორგიმ მოაწყო ალპინისტური ასვლა მყინვარწვერზე, რამაც დასაბამი მისცა საბჭოთა ალპინიზმს. ყველა ეს ნივთი კი ლილისა და ქართული სპორტის მუზეუმს ნიკო ნიკოლაძის კიდევ ერთმა ქალიშვილმა, რუსუდანმა, გადასცა.

სპორტის მუზეუმის ექსპონატები
სპორტის მუზეუმის ექსპონატები

„რუსუდანს სპორტსმენები აღმერთებდნენ. როცა ჩვენთან მოვიდა სტუმრად და ნახა ჩვენთან დაცული ექსპონატები, ძალიან მოვეწონე და პირობა დამადებინა, რომ ამ მუზეუმს არ ვუღალატებდი. ნიკოლაძეების თითქმის ყველა სპორტული ნივთი მან მოგვიტანა. ნახეთ, როგორი ლამაზი ბიჭია გიორგი ნიკოლაძე. 42 წლის გარდაიცვალა ფილტვების ანთებით“, - მეუბნება ლილი და გიორგი ნიკოლაძის ფოტოებზე მიმითითებს.

ქართული სპორტის მუზეუმის უძველესი ექსპონატი 1677 წლით თარიღდება. ეს არის წიგნი. მისი ავტორია იმ დროს დანიაში ცნობილი მოფარიკავე და დანიის მეფის, ვილჰელმ მეოთხის, მასწავლებელი, სალვატორ ფაბრი. წიგნი ფარიკაობის ხელოვნებას ეძღვნება და ის დანიაშია გამოცემული. წიგნი ლილი ლომსაძეს ცნობილმა მოფარიკავემ, ფიზკულტურის ინსტიტუტის ფარიკაობის კათედრის ყოფილმა გამგემ, ლევ გალავნიამ აჩუქა. თავად გალავნიას კი უკრაინაში ცხოვრების წლებში მისმა მასწავლებელმა, ცნობილმა მოფარიკავემ, ენელა სალამ უანდერძა.

„ეს წიგნი გალავნიამ მე დამიტოვა და მითხრა, თუ მუზეუმს სიცოცხლე არ უწერია, ეს წიგნი შენთან უნდა იყოსო. იცი, რამდენი ადამიანი სთხოვდა ამ წიგნს, რამდენ ფულს სთავაზობდნენ ჩემ თვალწინ? მაგრამ ის სულ ამბობდა, არა, ეს სამუზეუმო ექსპონატიაო“, - ჰყვება ლილი.

სპორტის მუზეუმის ექსპონატები
სპორტის მუზეუმის ექსპონატები

ლილი ლომსაძე განსაკუთრებული ემოციით იხსენებს 1976 წელს სპორტის მუზეუმის ექსპონატების გამოფენას ცისფერ გალერეაში. ამ გამოფენის გამართვის ხელშეწყობაში დიდი წვლილი მიუძღვის მწერალ გურამ ფანჯიკიძესო, მეუბნება ლილი. სწორედ 1976 წელს თბილისის დინამომ საბჭოთა კავშირის თასი მოიგო. დინამოელებმა მოგებული თასი ცისფერი გალერეაში მიიტანეს და საგამოფენო დარბაზის ცენტრში დადგეს.

„იცით, რამდენი ხალხი მოდიოდა? უამრავი. ნაკადი არ წყდებოდა. რიგი არ ილეოდა. უცებ ვხედავ, მოდის ბიჭი, ორი ყავარჯნით. მიუახლოვდა თასს, დგას და ტირის, ტირის. ხალხი შემოდიოდა, ნახულობდა თასს და უკან გადიოდა, ის კი იდგა ასე და არ მიდიოდა. სკამი მივუტანე, ვიფიქრე, ყავარჯნებით დგომა გაუჭირდება-მეთქი, და ამომხედა და მითხრა, რას ამბობთ, ამ დიდი ხნის ნანატრი, სანუკვარი ოცნების ასრულების შემდეგ სკამზე დავჯდე და ისე ვუყურო თასსო?! გურამი იდგა იქვე, ფანჯიკიძე, და ეს რომ გაიგო, მასაც ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები“, - იხსენებს ლილი.

ლილი ინახავს ვანკუვერის ოლიმპიადის მონაწილის, ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბავშვობის დროინდელ მოციგავის თეთრ ფეხსაცმელსაც. ფეხსაცმელი მას ნოდარის მშობლებმა გადასცეს. ეს არის ერთ-ერთი ის ექსპონატი, რომელიც განსაკუთრებულ ემოციებს აღუძრავს მუზეუმში შესულ დამთვალიერებლებს. ჯერ კიდევ არ განელებულა 2010 წელს ვანკუვერში, ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საცდელი დაშვებისას ნოდარის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი.

სპორტის მუზეუმის ექსპონატები
სპორტის მუზეუმის ექსპონატები

ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ მოსაგონარი პერიოდი ლილისთვის 2008 წელია. ამ წელს ქართული სპორტის მუზეუმი გაქურდეს. იმ დროს იმდენი ვინერვიულე, თმა დამცვივდაო, მიყვება მუზეუმის მცველი და თვალები ცრემლებით ევსება. ორივე ხელს გულში იკრავს და ასახიერებს, როგორ მორბოდა მუზეუმში, რომ ენახა რა წაიღეს მძარცველებმა და რა დატოვეს. მძარცველების სამიზნედ ოლიმპიური მედლები იქცა, მათ შოთა ჩოჩიშვილის, ზურაბ ზვიადაურის, გიორგი ასანიძისა და რობერტ შავლაყაძის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ოქროს მედლები წაიღეს. ასევე გაუჩინარდა მსოფლიოს, ევროპისა და ყოფილი სსრკ-ის ჩემპიონებისა და პრიზიორების მედლები. მძარცველებმა მაშინ, სულ, 50-მდე მედალი გააყოლეს ხელს. ლილი იმ ვიტრინასთან დგას, საიდანაც ოლიმპიური მედლები გაიტაცეს. ვიტრინაში დევს პირველი ქართველი ოლიმპიელის, თავისუფალი სტილის მოჭიდავე დავით ციმაკურიძის მიერ 1952 წელს, ჰელსინკიში მოპოვებული ოქროს მედალი. მის გვერდითაა დანარჩენი ოლიმპიელების მედლები, მათ შორის, ოლიმპიელი ოთარ ქორქიას მედალიც:

„აი, ეს პირველი ოლიმპიური მედალი ციმაკურიძემ სიკვდილის წინ მაჩუქა. როგორც ჩანს, გამორჩა იმ ქურდს. აი, შუშა ჩამტვრეული იყო. აგერ ოთარ ქორქიას მედალიც. სიკვდილის წინ, რამდენიმე დღით ადრე დამირეკა, როგორ იქნება ჩემი მედლების ამბავიო. ვუპასუხე, თვალის ჩინივით გავუფრთხილდები-მეთქი. აბა, შენ იციო, მითხრა. ამ ლაპარაკიდან რამდენიმე დღეში ოთარი გარდაიცვალა. რომ გავიგე, მუზეუმი გაქურდესო, მოვრბოდი და ვლოცულობდი, ნეტა, ოთარის მედალი არ წაეღოთ-მეთქი. მოვედი, ჯერ ეს ვნახე და მერე სხვა მედლები ვიგლოვე... ეჰ, რა ვიცი“...

ლილი დგას დარბაზის ცენტრში, ქართული სპორტისთვის უძვირფასესი ექსპონატების გარემოცვაში და მეუბნება,ჩემი შვილები ეჭვიანობენ - ჰგონიათ, რომ მათზე მეტად ეს ექსპონატები მიყვარსო... ექსპონატები, რომლებსაც აგერ უკვე 50 წელია დარაჯობს:

„რომ დავწვები ხოლმე, სხვას კი არაფერს ვფიქრობ, ან ქონება მაინტერესებდეს, ან სხვა რამე, სულ იმას ვფიქრობ, რომ ნეტა ჩემს მერე როგორ იქნება, როგორ მოუვლიან ამ ნივთებს... ველოდები, რომ იქნებ კიდევ ერთი ლილი ლომსაძე ვიპოვო“...

XS
SM
MD
LG