Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: დაუშვებელია ევროპაში საზღვრების შეცვლის მცდელობა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კიევში ვიზიტისას განაცხადა „21-ე საუკუნეში უბრალოდ მიუღებელია ქვეყნების მცდელობა, ძალის გამოყენებით შეცვალონ საზღვრები ევროპაში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას, ან სამხედრო ინტერვენცია განახორციელონ იმის გამო, რომ მათ მათი მეზობელი ქვეყნის რომელიმე გადაწყვეტილება არ მოსწონთო.“ უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან ერთად გამოსვლისას, ბაიდენმა ასევე თქვა, თუ რუსეთი უერთგულებს მინსკის შეთანხმებას უკრაინაში კრიზისის დასასრულებლად და პატივს სცემს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, „შევძლებდით რაციონალური დისკუსია დაგვეწყო სანქციების შესახებო.“ თუმცა, ბაიდენის განცხადებით, ამის ნაცვლად, მოსკოვი ღიად არღვევს მინსკის შეთანხმებას. „ბატონო პუტინ, შეასრულეთ თქვენი დაპირებაო“ - მიმართა ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი არ ცნობს და არც მომავალში აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებას და სხვებსაც მოუწოდებს იგივე გააკეთონ. ბაიდენი კიევში 20 ნოემბერს საღამოს ჩავიდა. მან უკრაინელებს მოუწოდა ახალი მთავრობა ჩამოაყალიბონ რამდენიმე დღეში და არა კვირაში. ბაიდენის შეფასებით, უკრაინაში ახლახან გამართული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. ბაიდენი ახალ მთავრობას მოუწოდებს იმუშაოს ევროპასთან კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციისთვის და უკრაინელთა დემოკრატიული და ეკონომიკური მომავლისთვის. სანამ კიევი ასე მოიქცევა, აშშ თქვენს გვერდით იქნებაო, განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG