Accessibility links

logo-print

პუტინი და ხაჯიმბა სოჭში მოაწერენ ხელს „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას“


რუსეთის და მის მიერ აღიარებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და რაულ ხაჯიმბა დღეს სოჭში მოაწერენ ხელს „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას.“ მისმა მოწინააღმდეგეებმა და მომხრეებმა სოხუმში მიტინგები ჯერ კიდევ გასული კვირის ბოლოს დაგეგმეს ერთსა და იმავე დროს, 24 ნოემბრის 11 საათზე. ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორია პარტია „ამცახარა,“ რომლის შეფასებით, აფხაზეთი სუვერენიტეტს დაკარგავს და რუსეთის ფედერაციის სუბიექტი გახდება. ახალი ხელშეკრულების მომხრეთა მიტინგის ორგანიზატორი კი აფხაზეთის პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოა. რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 ნოემბერს გაავრცელა საგანგებო განცხადება და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი და გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა რუსეთს ხელი ააღებინოს საქართველოს საწინააღმდეგო აგრესიულ ქმედებებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, საქართველო არასდროს შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის შელახვას და ამ საკითხში არავითარ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. შექმნილი ვითარების განხილვას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ გეგმავს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან და ასევე ეუთოს და ნატოს მინისტერიალებზე.

XS
SM
MD
LG