Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეხო მოსკვი“ ახალ რეგლამენტს იმზადებს


„ეხო მოსკვის“ მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი
„ეხო მოსკვის“ მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი

„ეხო მოსკვი“ აცხადებს, რომ ამზადებს წესებს, რომლებითაც მისმა თანამშრომლებმა უნდა იხელმძღვანელონ სოციალური ქსელებით სარგებლობისას. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა პრობლემებს, რომლებიც რუსეთში დაფუძნებული ამ რადიოსადგურის პროგრამების წამყვანს, ალექსანდრ პლიუშჩევს, შეექმნა „ტვიტერით“ სარგებლობის შემდეგ.

რადიო „ეხო მოსკვის“ მთავარი რედაქტორის, ალექსეი ვენედიქტოვის თანაშემწე, ჟურნალისტი ლესია რიაბცევა ადასტურებს, რომ ხელმძღვანელობს სოციალური მედიით სარგებლობისათვის განსაზღვრული წესების შესაქმნელ სამუშაოებს. მან ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში თქვა, რომ მედიაჰოლდინგი „გაზპრომ მედია“, რომელიც „ეხო მოსკვის“ საკონტროლო აქციების მფლობელია, მსგავს რეგლამენტს გამოიყენებს სხვა მედიასაშუალებებისათვის.

„ვამბობდი იმას, რომ რეგლამენტს, რომელსაც „ეხო მოსკვისათვის“ შევქმნით, „გაზმპრომ მედია“ გამოიყენებს ჰოლდინგის შიგნით. ეს ნიშნავს, რომ შემდეგ სხვა რედიოსადგურები, სხვა რედაქციებიც შეძლებენ მის გამოყენებას და საკუთარ წესდებაში დანერგვას“, განმარტავს რიაბცევა.

„ეხო მოსკვის“ თანამშრომლების სოციალური მედიით სარგებლობისთვის რეგლამენტის შემოღებაზე ალაპარაკდნენ მას შემდეგ, რაც „გაზპრომ მედიის“ დირექტორმა მიხაილ ლესინმა მიმდინარე თვეში გამოაცხადა, რომ მოხსნიან „ეხო მოსკვის“ პროგრამების წამყვანს, ჟურნალისტ ალექსანდრ პლიუშჩევს, რომელმაც „ტვიტერით“ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ივანოვის შვილის გარდაცვალების შესახებ. მოგვიანებით, „ეხო მოსკვის“ კოლექტივთან შეხვედრის შემდეგ, ლესინმა გააუქმა გადაწყვეტილება მოეხსნა ჟურნალისტი, ისევე როგორც კენჭისყრა, რომლის მიზანიც იყო „ეხო მოსკვის“ მთავარი რედაქტორის, ალექსეი ვენედიქტოვის გადაყენება.

რიაბცევას განმარტებით, სოციალური მედიით სარგებლობის რეგლამენტირებაზე შეთანმხდნენ ლესინთან შეხვედრაზეკომპრომისის მისაღწევად.

ზომებმა „ეხო მოსკვის“ მიმართ, რომელსაც არაერთხელ განუცდია ზეწოლა რუსი ოფიციალური პირებისაგან დამოუკიდებელი საინფორმაციო პოლიტიკის გამო, ბევრი შეაშფოთა რუსეთში: შიშობენ, რომ ამ ერთ-ერთი ყველაზე გაბედული დამოუკიდებელი მედიასაშუალების ხმა შესაძლოა ჩაახშონ კორპორაციული დავის მომიზეზებით.

რიაბცევას ბლოგს, რომელიც მან 23 ნოემბრის ღამეს გამოაქვეყნა, მწვავე რეაქცია მოჰყვა რუსი ჟურნალისტებისაგან: ისინი ხედავენ საფრთხეს, რომ შეზღუდვები რუსეთის მთელ მედიაზე გავრცელდება.

თუმცა რიაბცევა აცხადებს, რომ არ უთქვამს, თითქოს მთლიანად მედიას დაევალება „ეხო მოსკვისთვის“ შემუშავებული რეგლამენტით სარგებლობა:

„ეს იქნება პრეცედენტი და, შესაბამისად, მაგალითად, რეგიონალური მედიასაშუალებების რედაქციებს შეეძლებათ ჩვენი რეგლამენტიდან ამოსვლა და მასზე მითითება, თუ რაღაც პრობლემები შეექმნებათ. ამას ვგულისხმობდი. და ამ რეგლამენტის პირველი ამოცანაა, რასაკვირველია, არა სიტყვის თავისუფლების დარღვევა და ჟურნალისტის შეზღუდვა, არამედ ეს არის პლატფორმა ჟურნალისტის მხარდასაჭერად და მის დასახმარებლად, რათა იცოდეს, რას შეიძლება შეეჯახოს - რა შეზღუდვებსა და აგრესიას, დავუშვათ, ხელისუფლების, მთავრობისა და კიდევ სხვების, ქუჩაში რომელიმე უკმაყოფილო ადამიანის მხრიდან“.

ლესია რიაბცევას განმარტებებს სკეპტიკურად აფასებენ რუსულ ბლოგოსფეროში. საქმე ის არის, რომ, ისევ რიაბცევას თქმით, ის მონაწილეობდა რუსეთში მედიის შესახებ კანონის მომზადებაში, ამ კანონს კი უფლებადამცველები მიიჩნევენ კრემლის ნაბიჯად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისაკენ. კანონი - მას ბლოგერების შესახებ კანონს უწოდებენ ხოლმე - წელს, 1 აგვისტოს, ამოქმედდა და ბლოგერებს, ვისაც დღეში 3000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს, ავალდებულებს რუსეთში მასმედიის მარეგულირებელ სააგენტო “როსკომნადზორში“ დარეგისტრირებას. ასეთ ბლოგერებს უწევთ დაემორჩილონ რეგულაციებს, რომლებიც რუსეთის ტრადიციულ მედიასაშუალებებზე ვრცელდება.

როგორც „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა პაველ პრიანიკოვმა, ახლა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს „ეხო მოსკვის“ პლატფორმით ისარგებლონ კიდევ ერთი „როსკომნადზორის“ შესაქმნელად.

XS
SM
MD
LG