Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი უკანონოდ მიიჩნევს მოსკოვ-სოხუმის ხელშეკრულებას


რუსეთსა და მის მიერ აღიარებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას აშშ უკანონოდ მიიჩნევს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსკოვს, შეასრულოს 2008 წლის საზავო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს საჯარო საქმეთა ბიუროს დირექტორი ჯეფ რათკე, ნათქვამია: „აშშ-ის პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხში უწინდებურად მკაფიოა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.“ განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის დადებული არც ერთი „ხელშეკრულების“ ლეგიტიმურობას. გარდა ამისა, დოკუმენტში რუსეთის მისამართით გამოთქმულია მოწოდება, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი. „კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, როგორც საშუალებას, მიღწეულ იქნეს კონკრეტული წინსვლა უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ სფეროებში“, ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 24 ნოემბერს, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერეს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას“.

XS
SM
MD
LG