Accessibility links

logo-print

დავით ბაქრაძის თქმით, მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელშეკრულება არა მხოლოდ საქართველოსთვისაა გამოწვევა


რუსეთს და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის 24 ნოემბერს გაფორმებული მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ე.წ. ხელშეკრულება გამოწვევაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურისთვის - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ. ის დღეს თბილისში შეხვდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთთან რუსეთის ხელშეკრულება სამართლებრივად არალეგიტიმური დოკუმენტია, თუმცა, საფრთხეებს შეიცავს და დიდ შეშფოთებას იწვევს. „ამდენად, საქართველოს მთავრობის მოქმედებები მიმართულია საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებისკენ, რათა შედეგის მიღწევამდე მაქსიმალურად გაგრძელდეს რუსეთზე ზეწოლა და ევროკავშირის და ევროატლანტიკური სტრუქტურების თანმიმდევრული და მკაცრი პოლიტიკა“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კვლავ მიმართულია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რათა ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას გაუხსნას ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა.

XS
SM
MD
LG