Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტების შეხვედრა და ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების მოლაპარაკება


დღეს თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტების, გიორგი მარგველაშვილის და ანდრის ბერზინშის პირისპირ შეხვედრა და ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების მოლაპარაკება. მათი დასრულების შემდეგ ლატვიელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ლატვიის დელეგაციის ვიზიტი სწორედ დღეს, როცა საქართველოს წინაშე კიდევ ერთხელ მწვავედ დადგა ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი განმტკიცების საკითხი. „მაშინ როდესაც რუსეთის ფედერაციამ გადადგა კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ოკუპირებულ აფხაზეთთან გააფორმა ე.წ. ხელშეკრულება, რომელსაც ეს ოკუპაცია, ფაქტობრივად, ანექსიის დონემდე მიჰყავს, ლატვიელი კოლეგების ასეთი წარმომადგენლობითი ვიზიტი ხაზგასასმელია, რადგან მასში ვხედავთ მეგობრობას და იმ მნიშვნელოვან აქცენტებს, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ევროპული არჩევანის მხარდაჭერა“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. თავის მხრივ, ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის რეგიონსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკან გადადგმული ნაბიჯია, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას ართულებს და ეჭვქვეშ აყენებს რეგიონის სტაბილურობას. ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, ნებისმიერი კონფლიქტი მშვიდობიანი მეთოდებით უნდა გადაიჭრას და მხარეებმა თავი უნდა აარიდონ დესტრუქციულ ქმედებებს.

XS
SM
MD
LG