Accessibility links

logo-print

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, თანამშრომელთა უმრავლესობა გაფიცვაში არ მონაწილეობს


"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, თანამშრომელთა უმრავლესობა გაფიცვაში არ მონაწილეობს და რკინიგზა მუშაობას ჩვეული რეჟიმით, რაიმე შეფერხებების გარეშე განაგრძობს. დღეს გავრცელებულ განცხადებაში „საქართველოს რკინიგზა“ აღნიშნავს, რომ თანამშრომელთა მცირე ნაწილის მოთხოვნების გამო პროფკავშირების ერთ ჯგუფსა და მენეჯმენტს შორის გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, რომელზეც 9 პუნქტიდან შვიდი შესრულდა, ერთზე შეთანხმება ვერ შედგა და ერთი სასამართლო განხილვის საგანია. „ამ ორი პუნქტის გამო პროფკავშირის ერთი ჯგუფის მიერ გაფიცვის ფორმატის შერჩევა და რადიკალური პოზიცია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გაფიცვა წარმოადგენს თვითმიზანს და არა მოლაპარაკების გზით საკითხების მოგვარების სურვილს" - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში. ამასთან, კომპანია აღნიშნავს, რომ სრული გაგებით ეკიდება თანამშრომლების თუნდაც მცირე ჯგუფის პროტესტის ამ ფორმას და მზად არის ეს პროცესი გამჭვირვალედ და კანონის დაცვით წარიმართოს. „საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტი იმედს გამოთქვამს, რომ გაფიცვის ორგანიზატორები დაიცავენ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს და პატივს სცემენ და არ დაარღვევენ როგორც მომხმარებლების უფლებებს, ისე იმ კოლეგებისა, რომლებიც გაფიცვაში არ მონაწილეობენ.

XS
SM
MD
LG