რუსული რუბლის კურსი სარეკორდოდ დაბალ მაჩვენებელზე დაეცა დოლართან და ევროსთან მიმართებით მას შემდეგ, რაც ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება OPEC-მა მიიღო გადაწყვეტილება, არ შეამციროს ნავთობის წარმოება. რუსეთის ვალუტამ 3,6% დაკარგა. ერთ დოლარს, შუადღის მონაცემებით, შეესაბამებოდა 48,65 რუბლი - ორი კაპიკით ნაკლები ბოლოს, 7 ნოემბერს დაფიქსირებულ სარეკორდოდ დაბალ კურსთან შედარებით. წელს რუბლი 30%-ით გაუფასურდა, უწინარეს ყოვლისა, დასავლეთის სანქციებისა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების შედეგად. OPEC-ის მიერ 27 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მკვეთრად გაიაფდა ნავთობიც - ერთი ბარელი Brent-ის (ევროპის უმნიშვნელოვანესი ნედლი ნავთობის) ფასი 6 დოლარით შემცირდა და 72,74 დოლარზე დაეცა, რაც ბოლო ოთხი წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით ნახევარი მოდის ენერგომატარებლების ექსპორტზე.
ყველაზე პოპულარული
1