Accessibility links

logo-print

ავტორი: ანა ლომთაძე

რამდენად ხშირად ხდებიან საქართველოში დედები არასრულწლოვან ასაკში? სახალხო დამცველის 2012 და 2013 წლის ანგარიშების მიხედვით, საქართველოში მცხოვრები ქალების 17 პროცენტი ადრეულ ასაკში ქორწინდება, მათი უმრავლესობა კიმალევე დედა ხდება. კვლევების მიხედვით ზუსტი სტატისტიკის დადგენა ჭირს, რადგან ადრეულ ასაკში ქორწინების ოფიციალური რეგისტრაცია ძირითადად არ ხდება.

სოფოსა და ნიკას ერთმანეთი 12 წლის ასაკში შეუყვარდათ. 16-ს რომ მიუახლოვდნენ, გაპარვა სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ: სოფო ღამით ბებიამ დაიჭირა. ორივეს მშობლებმა ეს ამბავი იმავე ღამეს გაიგეს და მკაცრად აუკრძალეს ერთმანეთთან შეხვედრა - განსაკუთრებით, სოფოს, რომელსაც სკოლიდან სახლში მისვლამდე მშობლები დღეში 15-ჯერ ურეკავდნენ. ამ ამბის შემდეგ სოფომ და ნიკამ კიდევ სამჯერ სცადეს ჩუმად დაქორწინება, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ ბებიამ და ერთხელაც მეზობელმა ჩაუშალა ახალგაზრდებს გეგმები. ბოლო მცდელობიდან სამი თვის თავზე სოფო მიხვდა, რომ ორსულად იყო. ქორწინება უკვე გარდაუვალი აღმოჩნდა, მაგრამ ჯერ ეს ამბავი სოფოს სახლში უნდა ეთქვა... 6 თვემდე მალავდა თავის საიდუმლოს, თუმცა ნიკასთან ერთად გინეკოლოგთან მივიდა, აღრიცხვაზე დადგა. ბოლოს, ოჯახმაც გაიგო.

„ყველა მეგობარი გვერდზე მედგა. სიხარულის მომენტი იყო. მილოცავდნენ კიდეც. სხვების მხრიდან აგრესია ან შეცოდება არ მიგრძვნია, იმიტომ რომ შესაცოდი იმ მომენტში ნამდვილად არაფერი მქონდა. პირიქით, ძალიან მიხაროდა“, - ამბობს სოფო.

გინეკოლოგ მზია ღამბაშიძის თქმით, მშობიარობა არასრულწლოვან ასაკში რისკთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, არასრულწლოვნებში ორსულობის ბოლომდე მიყვანაც რთულია:

„ამ პერიოდში [13-დან 18 წლამდე] საშვილოსნოსა და საკვერცხეების ჩამოყალიბება ხდება. იმისთვის, რომ საშვილოსნომ ორსულობის შენარჩუნება შეძლოს, რწევადი უნდა იყოს და გაფართოვდეს. ამ ასაკში კი საშვილოსნო ზომით პატარაა და კვერცხუჯრედს უჭირს განაყოფიერება. ამიტომ ამ დროს ყველაზე დიდ რისკს თვითნებითი აბორტი წარმოადგენს... თუ ნაყოფი ჩამოყალიბდა და 14 კვირამდე გაიარა, შემდეგ, მშობიარობისას, შეიძლება საკეისრო კვეთა დასჭირდეს, იმიტომ რომ ამ ასაკში მენჯების ზომა არის პატარა და შეიძლება [საშვილოსნოს] ყელი იყოს ჩამოუყალიბებელი, კონიკური, მკვრივი კონსისტენციის და ვერ გაიხსნას“.

როდესაც დავიწყეთ კვლევის ჩატარება, ვცადეთ მოგვეპოვებინა სტატისტიკური მონაცემები არასრულწლოვანი დედების რაოდენობის შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს...

საქართველოში არასრულწლოვანი დედების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ინიციატივა სოციალური ცვილებებისთვის“ 2014 წლის ზაფხულში ჩაატარა კვლევა - „არასრულწლოვანი დედების მდგომარეობა საქართველოში: გამოწვევები და პერსპექტივები“. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ნინო დანელია, ამბობს:

„როდესაც დავიწყეთ კვლევის ჩატარება, ვცადეთ მოგვეპოვებინა სტატისტიკური მონაცემები არასრულწლოვანი დედების რაოდენობის შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს. ერთადერთი, რაც მოვიძიეთ, იყო, რომ გასულ წელს 5 000-ზე მეტმა გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება სკოლაში და ამის ძირითადი მიზეზი იყო დაოჯახება ან შვილის ყოლა... როდესაც საქართველოს მასშტაბზე ვსაუბრობთ, 5 000 საკმაოდ მწვავე მაჩვენებელია“.

სოფო თავის მეგობრების წრეში ერთადერთი არ ყოფილა, ვინც 16 წლის ასაკში დაფეხმძიმდა.

„კი, ძალიან ბევრს ვიცნობ [ვინც არასრულწლოვან ასაკში დაორსულდა]. ჩემს პერიოდში ძალიან ბევრი მსგავსი შემთხვევა იყო“, - ამბობს სოფო.

ჩემს ასაკში [გოგოებს] უნდათ, რომ გათხოვდნენ და ამით დამოუკიდებლობა მოიპოვონ და მშობლების კონტროლს გაექცნენ... შეიძლება მეც ეგ ფიქრები მქონდა.. არ ფიქრობენ იმ პასუხისმგებლობაზე, რაც მოჰყვება ამ ნაბიჯს...

მზია ღამბაშიძის თქმით, ახალგაზრდები იშვიათად მიმართავენ ექიმს არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან აცილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისა თუ პროფილაქტიკური გასინჯვის მიზნით. იგი ფიქრობს, რომ სიტუაციის შესაცვლელად საჭიროა ამ საკითხებით თავად საავადმყოფოები და განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები დაინტერესდნენ.

კონტრაცეფციაზე მკაფიო და სრულყოფილი წარმოდგენა არც სოფოს ჰქონდა 16 წლის ასაკში. ინფორმაციის ძირითად წყაროს მეგობრები წარმოადგენდნენ. დღეს იგი უკვე თვლის, რომ სექსუალური განათლება აუცილებელია და, სკოლის გარდა, ოჯახიც ვალდებულია ახალგაზრდას ეს ინფორმაცია მიაწოდოს. სოფო ამბობს, „შეიძლება [გოგონებს] ჰქონდეთ სექსუალური კავშირი, მაგრამ არ არის აუცილებელი ისინი დაფეხმძიმდნენ ან გათხოვდნენო“. თუმცა, მისი აზრით, განათლების სიმწირის გარდა, ნაადრევ დაოჯახებას სხვა მიზეზიც აქვს:

„ჩემს ასაკში [გოგოებს] უნდათ, რომ გათხოვდნენ და ამით დამოუკიდებლობა მოიპოვონ და მშობლების კონტროლს გაექცნენ... შეიძლება მეც ეგ ფიქრები მქონდა.. არ ფიქრობენ იმ პასუხისმგებლობაზე, რაც მოჰყვება ამ ნაბიჯს და იმაზე, თუ რამდენ რამეზე მოუწევთ უარის თქმა“.

კვლევაში, რომელიც ჩაატარა ორგანიზაციამ „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“, გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული პრობლემებისა და სექსუალური გაუნათლებლობის გარდა, ადრეული დედობის განმაპირობებელი სხვა ფაქტორებიცაა გამოყოფილი - მათ შორის, იძულებით და გარიგებით ქორწინებები. კვლევის თანაავტორი ნინო ქობალია ამბობს:

„ძალიან ხშირად სოციალური პრობლემები და რთული ვითარება ოჯახში განაპირობებს იმას, რომ არასრულწლოვან გოგონებს უჩნდებათ დაოჯახების სურვილი... ამას ემატება ეკონომიკური პრობლემებიც დაგოგონებს ასეთი გარემოდან გაქცევა უნდებათ. მეორე საკითხი, რაც გამოიკვეთა, იყო საზოგადოების ორმაგი სტანდარტი სექსუალური ცხოვრების მიმართ. იმისთვის, რომ გოგონებმა დააკანონონ თავიანთი სექსუალური ურთიერთობები, უწევთ გათხოვება, რასაც, ხშირ შემთხვევაში, მოსდევს ორსულობა და არასრულწლოვანი დედობა“.

არასრულწლოვან ასაკში გოგონები არიან ძალადობის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადნი.ამას განაპირობებს ბევრი ფაქტორი, მათ შორის - განათლებისა და ინფორმაციის დაბალი დონე. მაგრამ საინტერესოა, რომ ძალადობის მიმართ მიმღებლობა [გოგონების მიერ] იყო ასევე მაღალი...

ბავშვის გაჩენის შემდეგ არასრულწლოვანის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ამ მხრივ, სოფოს სხვებთან შედარებით გაუმართლა:

„ [დედობა] დამეხმარა იმაში, რომ ბევრ რაღაცაზე შემეცვალა შეხედულებები. პასუხისმგებლობის და დამოუკიდებლობის გრძნობა განმივითარდა, იმის მიუხედავად, რომ ბავშვის გაზრდაში ბევრი მეხმარება“, - ამბობს სოფო.

თუმცა, კვლევის მიხედვით, არასრულწლოვან დედებს, როგორც წესი, დაბალი თვითშეფასება, დასაქმებისა და თვითრეალიზაციის ნაკლები შესაძლებლობები და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ ყველა არასრულწლოვან დედას მოიაზრებს როგორც ძალადობის მსხვერპლს იმ შემთხვევაში, თუ მათ სრულწლოვან პირთან დაამყარეს სექსუალური კავშირი. მსგავსი კავშირის დამყარება 16 წლამდე კანონით ისჯება.

კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ არასრულწლოვანი დედები დაოჯახების შემდეგაც ხშირად ხდებიან სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლნი.

„არასრულწლოვან ასაკში გოგონები არიან ძალადობის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადნი.ამას განაპირობებს ბევრი ფაქტორი, მათ შორის - განათლებისა და ინფორმაციის დაბალი დონე. მაგრამ საინტერესოა, რომ ძალადობის მიმართ მიმღებლობა [გოგონების მიერ] იყო ასევე მაღალი. ანუ ისინიხშირად მიიჩნევენ მათ მიმართ ძალადობას როგორც თავიანთი ქმედების ლოგიკურ გაგრძელებას და ძალადობას გამართლებას უძებნიან“, - ამბობს კვლევის თანაავტორი ნინო ქობალია.

ფიზიკური ძალადობის გარდა, არასრულწლოვანი დედები აწყდებიან ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ გოგონებს საშუალება არ აქვთ აქტიურად ჩაერთონ საკუთარ თავსა თუ შვილთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ნინო ქობალიას თქმით, კვლევაში მონაწილე რვა გოგონადან შვიდი ამბობდა, რომ შვილების სახელებიც კი ქმარმა ან მისმა ოჯახმა შეარჩია.

„საზოგადოება, ხშირ შემთხვევაში, 15 თუ 16 წლის გოგონას მზად ხედავს იმისთვის, რომ მან ოჯახი შექმნას და გააჩინოს შვილი, თუმცა ვერ ხედავს მზად იმისთვის, რომ მიიღოს შვილთან დაკავშირებული გადაწყვეტილება“ - ესეც ნინო ქობალიას სიტყვებია.

არასრულწლოვანი დედების უფლებების დაცვაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის განყოფილებაა პასუხისმგებელი. ნინო დანელიას აზრით, როგორც არასრულწლოვანი დედების კეთილდღეობაზე, ისე ადრეული დედობის პრევენციაზე უნდა იზრუნოს სახალხო დამცველის აპარატმა, განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა და სამედიცინო დაწესებულებამ. პრევენციის მეთოდებში იგი მოიაზრებს სექსუალური განათლების შემოტანას სკოლებში, ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩართვას - განსაკუთრებით, რეგიონებში, არასრულწლოვანი დედებისთვის ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სერვისების შეთავაზებას და სამართალდამცავების ადეკვატურ რეაგირებას მოტაცების, ძალადობისა თუ 18 წლამდე ქორწინების ფაქტებზე.

ნინო ქობალია პრობლემას ხედავს არასრულწლოვან დედებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაში:

„ რაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ეს ართულებს კოორდინირებულ მუშაობას, რის გარეშეც ძალიან რთულია ამ საკითხს ებრძოლო. ეს საკითხი კომპლექსურ მუშაობას მოითხოვს“.

სოფო ახლა 22 წლისაა და უკვე სხვაგვარად უყურებს ცხოვრებას:

"სექსუალობის თემა უკვე აღარ არის იმდენად ტაბუირებული. გოგოებს მაინც აქვთ თავიანთ სახელზე გართულება, მაგრამ დღეს გოგოს სექსუალური კავშირის გამო ხაზი აღარ ესმევა.ზოგადად, ხალხს დამოკიდებულება შეეცვალა".

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG