Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი კვირას ასრულებს სამდღიან ვიზიტს თურქეთში


რომის პაპი ფრანცისკე კვირას ასრულებს თურქეთში სამდღიან ვიზიტს, რომელიც სარწმუნოებათა შორის ურთიერთობების გამყარებას ემსახურებოდა. სტამბოლში პაპი კვირას კვლავ შეხვდა პატრიარქ ბართლომე I-ს, რომელიც მსოფლიოს 300 მილიონამდე მართლმადიდებლის სულიერი წინამძღვარია. მათ წმიდა ანდრიას დღესთან დაკავშირებით ერთობლივი წირვა ჩაატარეს წმიდა გიორგის ტაძარში. როგორც მოსალოდნელია, ორი სასულიერო ლიდერი ხელს მოაწერს ერთობლივ დეკლარაციას ქრისტიანულ ეკლესიაში ათასწლიანი სქიზმის შედეგების შემსუბუქების თაობაზე. შაბათს ფრანცისკემ მოინახულა სტამბოლის უდიდესი, სულთანაჰმეტის, მეჩეთი, რომელიც „ცისფერი მეჩეთის“ სახელით არის ცნობილი. მან იქ ლოცვა აღავლინა სტამბოლის მუფტისთან, რაჰმი იარანთან ერთად. იმავე დღეს პაპმა მოინახულა აია სოფიის ტაძარი. ვიზიტის ფარგლებში პაპი ანკარაში შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს. ფრანცისკემ დაგმო რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ და განაცხადა, რომ „ფანატიზმსა და ფუნდამენტალიზმს, ასევე ირაციონალურ შიშებს, რასაც შედეგად გაუგებრობა და დისკრიმინაცია მოსდევს, ყველა მორწმუნის სოლიდარობა უნდა აღუდგეს წინ“.

XS
SM
MD
LG