Accessibility links

დონალდ ტუსკმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა


დღეიდან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას შეუდგება პოლონელი დიპლომატი, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. ის 30 აგვისტოს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ერთხმად აირჩიეს ამ თანამდებობაზე. დონალდ ტუსკი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პოსტს 2,5 წლით იკავებს. ეს ყველაზე მაღალი თანამდებობაა ევროკავშირში, რაც პოლონელ პოლიტიკოსს დაუკავებია ამ ქვეყნის ევროკავშირში ათწლიანი წევრობის განმავლობაში. დონალდ ტუსკი განათლებით ისტორიკოსია, ის ანტიკომუნისტური ოპოზიციისა და „სოლიდარნოშჩის“ მოძრაობის აქტიური წევრი იყო. 2001 წელს ავტორიტეტიან პოლიტიკოსებთან - ანჯეი ოლეხოვკისა და მაცეი პლაჟინსკისთან ერთად ლიბერალური პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ შექმნა და მოგვიანებით მისი ერთპიროვნული ლიდერი გახდა. შვიდი წლის წინ „სამოქალაქო პლატფორმამ“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და დონალდ ტუსკი პრემიერ-მინისტრი გახდა. 2011 წელს პარტიამ ისევ მოიპოვა გამარჯვება და დონალდ ტუსკი მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დარჩა. პოლონეთის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთი და იგივე პარტია და ერთი და იგივე პრემიერ-მინისტრი ზედიზედ ორი ვადით მართავდნენ ქვეყანას.

XS
SM
MD
LG