Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა „ლაფანყურის სპეცოპერაციის“ შესახებ მომზადებული ანგარიში


ლოპოტის ხეობის სოფელ ლაფანყურთან 2012 წლის აგვისტოში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა საზოგადოებრივმა საბჭომ. ანგარიშში ნათქვამია, რომ "იმ დროს, როცა შსს-ს მაღალჩინოსნები აცხადებდნენ, რომ დაჯგუფების წევრები ჩრდილო კავკასიიდან შემოვიდნენ, საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის სავარაუდოდ, ცნობილი იყო, რომ ჯგუფის წევრების მიზანი ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლა იყო." ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ აუცილებლად უნდა გაირკვეს, რა მიზანს ემსახურებოდა ხელისუფლების მიერ საზოგადოების არასწორად ინფორმირება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ჯგუფის დაღუპული წევრების რაოდენობის შესახებაც. საზოგადოებრივი საბჭოს ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს შსს-ს მიერ 2012 წლის 29 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული იყო დაჯგუფების 11 წევრი, თუმცა 2014 წლის აგვისტო-ოქტომბრის წერილებით სამინისტრომ საბჭოს აცნობა, რომ სინამდვილეში სპეცოპერაციის დროს დაიღუპა დაჯგუფების შვიდი წევრი. საზოგადოებრივი საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ სასაზღვრო პოლიციის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, შეიარაღებული ჯგუფის შვიდი დაღუპული წევრიდან ხუთი, მათ შორის რუსეთის ოთხი მოქალაქე, 2012 წლის 28-29 აგვისტოს, ანუ სპეცოპერაციის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა, ერთი კი ქვეყნიდან საერთოდ არ გასულა და შესაბამისად, ჩრდილოეთ კავკასიიდან საზღვარს ვერ გადმოკვეთდა. სახალხო დამცველთან არსებულ საზოგადოებრივ საბჭოს ასევე აინტერესებს, რატომ არ ჩატარდა დაღუპულთა გვამების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. საბჭოს წევრები ანგარიშს ერთი წლის განმავლობაში ამზადებდნენ.

XS
SM
MD
LG