Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფცია მძიმე პრობლემად რჩება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობაში


საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით, კორუფცია მძიმე პრობლემად რჩება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობაში. ორგანიზაციამ 3 დეკემბერს გამოაქვეყნა „კორუფციის აღქმის ინდექსი 2014“, რომელშიც ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა - საქართველოსა და ბალტიის სახელმწიფოების გარდა - აღიქმება, როგორც კორუფციის მძიმე პრობლემის მქონე. 175 ქვეყანას შორის საქართველო 50-ე ადგილზეა. მას 100 შესაძლებელი ქულიდან 52 აქვს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას შორის. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელმა სვეტლანა სავიცკაიამ ჩვენს რადიოსთან საუბარში განმარტა საქართველოს პოზიციის მიზეზი: „საქართველომ გააუმჯობესა გამჭვირვალეობა და ეფექტიანობა სახელმწიფო ადმინისტრირებაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიწყო საჯარო და კერძო სექტორებში მაღალი რანგის ოფიციალური პირების სამართლებრივი დევნა კორუფციასთან დაკავშირებული დარღვევებისათვის. მაგრამ - და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია - საქართველოს წინაშე დგას რიგი პრობლემები და დაბრკოლებები, რომელთა შორისაცაა მაგალითად, ნაკლოვანებები სასამართლო ხელისუფლებაში, საკუთრების უფლების განხორციელებაში, და მაღალ დონეზე კორუფციის შემთხვევები. ეს პრობლემები ჯერ კიდევ რჩება“. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან „კორუფციის აღქმის ინდექსით“ სომხეთს ეკუთვნის 94-ე, აზერბაიჯანს 126-ე, ხოლო რუსეთს - 136-ე ადგილი.

XS
SM
MD
LG