Accessibility links

logo-print

ლავროვი და კერი უკრაინის შესახებ გამართავენ მოლაპარაკებას


4 დეკემბერს დაგეგმილია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, რომლის დროსაც განსახილველი მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იქნება. შეხვედრა გაიმართება შვეიცარიაში, ბაზელში მიმდინარე ეუთოს დიპლომატების შეკრების კულუარებში. უკრაინის სამთავრობო ძალებს და პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის 5 სექტემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული ზავის მოქმედების მონიტორინგი ეუთოს ევალება. ზავი რეგულარულად ირღვევა, განსაკუთრებით მეამბოხეების კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2 დეკემბერს ძალაში შევიდა დამატებითი საზავო შეთანხმება, რომელიც კონკრეტულად აეროპორტს ეხება და რომელიც ერთი დღით ადრე შეათანხმეს. მაგრამ უკრაინის არმია აცხადებს, რომ ეს შეთანხმება ფაქტობრივად მყისიერად დაარღვიეს მეამბოხეთა ძალებმა. უკრაინის უშიშროების საბჭომ 3 დეკემბერს განაცხადა, რომ სეპარატისტებმა დიდი დანაკარგები განიცადეს მას შემდეგ, რაც აეროპორტზე მიიტანეს იერიშები.

XS
SM
MD
LG