Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა მინდია ჯანელიძისა და ჯეიმს აპატურაის შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სწორი მიმართულებით მუშაობს და ყველაფერს აკეთებს ნატოს უელსის სამიტზე საქართველოს მიერ მიღებული არსებითი პაკეტის განსახორციელებლად. გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ნატო აქტიურად ჩაერთვება არსებითი პაკეტის განხორციელებაში, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმარება. ჯეიმს აპატურაის ინფორმაციით, ნატომ უკვე განსაზღვრა ის პირები, რომლებიც საქართველოს ეწვევიან და ქართულ მხარესთან ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე დაადგენენ საწვრთნელი ცენტრის ადგილმდებაროებას. მისივე თქმით, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიზნით საქართველოში უახლოეს მომავალში უფრო მაღალი დონის ვიზიტები შედგება. „მალე ნახავთ, რომ ნატო საქართველოში და საქართველო ნატოში კიდევ უფრო მეტად იქნებიან წარმოდგენილნი“, - განაცხადა გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა. ჯეიმს აპატურაიმ კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ თანამშრომლობა უმაღლეს დონეზე გაგრძელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობასთანაც. შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის გეგმა საბოლოოდ დამტკიცდება მომავალი წლის თებერვალში, როცა ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

XS
SM
MD
LG