Accessibility links

აპატურაი: ნატო ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგული


ნატოსთვის მიუღებელია რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ხელშეკრულება - განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ ნატო ყოველთვის იქნება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული. ჟურნალისტების შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა ნატო რუსეთის ქმედებას საქართველოს ტერიტორიის ანექსიად, ჯეიმს აპატურაიმ უპასუხა, რომ საქართველოში არ ვითარდება უკრაინის მსგავსი სცენარი და ალიანსი რუსეთის მოქმედებას საქართველოს ამ ტერიტორიებზე კონტროლის ხელში აღების მცდელობად განიხილავს. გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებით, ეს პროცესი ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ბარიერს არ შეუქმნის, რადგან გართულებები უკვე არსებობდა, როცა მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ჯეიმს აპატურაის განცხადებითვე, ნატო რუსეთის მოქმედებებს ევროპაში არსებული საზღვრების შეცვლის მცდელობად აღიქვამს.

XS
SM
MD
LG