Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ ისკანდარიანი: „ბიჭებო, რუკას დახედეთ, თუ შეიძლება!“


ფოტოს ავტორი: Go Group Media
ფოტოს ავტორი: Go Group Media

მიუხედავად ევრაზიულ კავშირში შესვლისა, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა არ შეიცვლება, ეს ორი ქვეყანა მეტისმეტადაა ერთმანეთზე დამოკიდებული, - ამბობენ სომეხი პოლიტიკოსები და ექსპერტები. 2 დეკემბერს სომხეთის პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა შეთანხმებას, რომელიც სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლას გულისხმობს. იმის გასარკვევად, თუ რამდენად აისახება მიმდინარე პროცესები საქართველოზე, ერევანში სხვა ჟურნალისტებთან ერთად რადიო თავისუფლებაც ჩავიდა. მედიატური „გოუ-ჯგუფის“ ორგანიზებით ჩატარდა.

სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლას პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა ჯერ კიდევ ოქტომბერში მოაწერა ხელი და, როგორც სომხეთში აცხადებენ, ამით ქვეყნის კურსი 180 გრადუსით შემოატრიალა. მანამდე სომხეთი, ისევე როგორც საქართველო, ევროკავშირთან ასოცირებისთვის ოთხი წელი ემზადებოდა.

ევრაზიული ეკონომიკური კავშირი მისი წევრი ქვეყნების საბაჟო, სამართლებრივი და ეკონომიკური სისტემების უნიფიცირებას გულისხმობს. ევრაზიულ კავშირში რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი და უკვე სომხეთიც არიან გაერთიანებული.

სტეფან საფარიანი, „სომხეთის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, ამბობს, რომ სომხეთს ევრაზიულ კავშირში არაფერი ესაქმება. მისი თქმით, ეს მთლიანად პოლიტიკური პროექტია და არა ეკონომიკური. საფარიანი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობის გაფუჭებასაც შეეცადოს, თუმცა, მისივე თქმით, ეს ადვილი საქმე არ არის.

„ალბათ, კრემლი შეეცდება ქართულ-სომხური ურთიერთობები „მოწამლოს“. ალბათ, იქნება მსგავსი ზეწოლა“.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რუსეთის ზეწოლის შედეგად, სომხეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, საფარიანი პასუხობს, რომ ასეთი რამ მხოლოდ ე.წ. ბარტერის შემთხევაშია შესაძლებელი.

სტეფან საფარიანი
სტეფან საფარიანი

„ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თავად რუსეთი აღიარებს თუ არა ყარაბაღს. ეს მხოლოდ ბარტერის შემთხვევაშია შესაძლებელი, მაგრამ, ვფიქრობ, რუსეთი ამაზე არასდროს წავა“.

არის კიდევ ერთი სუსტი წერტილი - სამცხე-ჯავახეთი. თუმცა, სომეხი ექსპერტები არც ამ მხრივ ელიან დაძაბულობას. ანალიტიკოსი ტატულ აკობიანი ამბობს, რომ თუ სამცხე -ჯავახეთშიც იგივე პროცესები დაიწყება, რაც აფხაზეთში, ეს სომხეთს საბოლოოდ დააჩოქებს, რადგან სომხეთი საქართველოზე ძალიან სერიოზულადაა დამოკიდებული.

ტატულ აკობიანი
ტატულ აკობიანი

„მილები რუსეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით მოდის. ერთადერთი სარკინიგზო კავშირი მხოლოდ საქართველოსთან გვაქვს“.

გარდა ამისა, ტატულ აკობიანი დარწმუნებულია, რომ ევრაზიულ კავშირს მომავალი არა აქვს:

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს კავშირი არ შედგება. რუსეთს მსგავსი რესურსები არა აქვს. კავშირის წევრი ქვეყნების - ბელორუსიის, სომხეთისა და ყაზახეთის - ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს პუტინის მიერ შექმნილი კავშირია და ის ისევე დაიშლება, როგორც სხვა მსგავსი პოსტსაბჭოთა სტრუქტურები დაიშალა. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ სომხეთი რამდენიმე წელს დაკარგავს“.

ყველა ქვეყანაზე ხდება ზეწოლა, პოლიტიკა სხვაგვარად არ გამოდის. ჩვენ რუსეთთან უსაფრთხოების სპეციფიკური პირობები გვაქვს. სომხეთი საქართველოსგან ამით განსხვავდება. თქვენ თქვენი ყარაბაღი უკვე დაკარგეთ, ჩვენი კი ჯერ ჩვენთანაა. შესაბამისად, უსაფრთხოების გარანტია გვჭირდება...
ალექსანდრ ისკანდარიანი

იმ დღეს, როცა სომხეთის პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, ერევნის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი ევრაზიულ კავშირში შესვლას ეწინააღმდეგებოდნენ და აცხადებდნენ, რომ ამით სომხეთი თავისუფლებას კარგავს.

თავის მხრივ, სომეხი ექსპერტები ამბობენ, რომ სომხეთს, უბრალოდ, სხვა გზა არ ჰქონდა. მათი არგუმენტები ასეთია: პირველი, რუსეთში ძალიან ბევრი სომხეთის მოქალაქე მუშაობს და რუსეთს შეუძლია მათი დეპორტაცია მოახდინოს. მეორე - ყარაბაღის კონფლიქტი და მესამე - ჩაკეტილი საზღვარი თურქეთის მხრიდან. გარდა ამისა, სომხეთს ბუნებრივ აირს მხოლოდ რუსეთი აწვდის. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მათ დამოკიდებულს ხდის არა მარტო რუსეთზე, არამედ საქართველოზეც კი. სომხეთის კავკასიური ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ისკანდარიანი იმ გზავნილებზე ლაპარაკობს, რომლებიც კრემლიდან მოდიოდა:

„ყველა ქვეყანაზე ხდება ზეწოლა, პოლიტიკა სხვაგვარად არ გამოდის. ჩვენ რუსეთთან უსაფრთხოების სპეციფიკური პირობები გვაქვს. სომხეთი საქართველოსგან ამით განსხვავდება. თქვენ თქვენი ყარაბაღი უკვე დაკარგეთ, ჩვენი კი ჯერ ჩვენთანაა. შესაბამისად, უსაფრთხოების გარანტია გვჭირდება. შარშან პუტინი აზერბაიჯანში ჩავიდა და აზერბაიჯანისთვის 4 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემაზეგანცხადება გააკეთა. ამასთან, კარკვეული გზავნილები მოდიოდა კრემლიდან - ამბობდნენ, რომ უარის შემთხვევაში გაზი (ათასი კუბური მეტრი) 500 დოლარიგახდებოდა“.

საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობა ისეთი დარჩება, როგორიც იყო. საქართველოსთან ჩვენ თავისუფლალი ვაჭრობის სისტემა გვაქვს...
არტაკ ზაკარიანი

ალექსანდრ ისკანდარიანი ამბობს, რომ ეს ყველაფერი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს არ შეეხება, მით უფრო ახლა, არჩევნების შემდეგ, როდესაც, მისი თქმით, საქართველო გაცილებით ნაკლებადაა დამოკიდებული ვაშინგტონზე და თბილისთან პირდაპირი საუბარი შეიძლება.

„საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება მარაზმი იქნება. ჩვენი ტვირთის სამოცდაათი პროცენტი საქართველოზე გადის. ეს რუსეთთან ომის დროსაც კი ვერ მოახერხეს. ყოველთვის, როდესაც მოგთხოვენ საქართველოს რამე დაუპირო, რუსებს უნდა უთხრა: ბიჭებო, რუკას დახედეთ, თუ შეიძლება!“

სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტარი არტაკ ზაკარიანი ამბობს, რომ ევრაზიულ კავშირში შესვლის შეთანხმება მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ ხასიათს ატარებს და ის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას ხელს არ უშლის, მით უფრო, საქართველოსთან.

„საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობა ისეთი დარჩება, როგორიც იყო. საქართველოსთან ჩვენ თავისუფლალი ვაჭრობის სისტემა გვაქვს“.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ სომხეთი ევრაზიულ კავშირში შევიდა, საქართველო კი ევროკავშირისკენ მიდის, ამ ორ ქვეყანას ახალ შესაძლებლობებსაც კი აძლევს: ერთი მხრივ, სომხეთისთვის სომხეთ-საქართველოს საზღვარი იქნება კავშირი ევროკავშირთან, საქართველოსთვის კი საქართველო-სომხეთის საზღვარი - ევრაზიულ კავშირთან.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG