Accessibility links

logo-print

პაკისტანში საჰაერო რეიდისას მოკლეს, სულ ცოტა, ოთხი სავარაუდო ექსტრემისტი


პაკისტანში, სულ ცოტა, ოთხი სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმისას. პაკისტანის სამხედრო ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, დაიბომბა ჩრდილოეთ ვაზირისტანში, ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარე შენობა, რომელშიც ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ. დაიჭრა ორი ადამიანი. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" პაკისტანელი სამხედროებისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოკლულებს შორის იყო ალ-ყაიდის მაღალი რანგის წარმომადგენელი, ომარ ფაროკი, რომელიც ხელმძღვანელობდა ალ-ყაიდის ადგილობრივ მედია-განყოფილებას როგორც პაკისტანის, ისე ავღანეთისათვის. ეს საჰაერო დარტყმა მოეწყო ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პაკისტანელმა სამხედროებმა მოკლეს ალ-ყაიდის ერთ-ერთი ლიდერი, ადნან ელ-შუქრიჯუმა. პაკისტანელმა სამხედროებმა წელს, მაისში წამოიწყეს ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩრდილოეთ ვაზირისტანში და აცხადებენ, რომ მას მერე მოკლულია 1560 ექსტრემისტი, ხოლო პაკისტანის არმიამ 125 ჯარისკაცი დაკარგა.

XS
SM
MD
LG