Accessibility links

სამინისტროს ინფორმაციით, გრძელდება უკრაინაში ღარიბაშვილის ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაოები


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაო არ შენელებულა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს სპიკერს დავით კერესელიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ შეცვალა პრემიერის ვიზიტის გეგმები უკრაინის მთავრობაში განხორციელებულმა საკადრო ცვლილებებმა. დავით კერესელიძის განმარტებით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ახლახან ჩამოყალიბდა და მისი მუშაობის გააქტიურების პარალელურად დაჩქარდება კიევში საქართველოს პრემიერის ვიზიტის მოსამზადებელი პროცესი. შეკითხვას, ხომ არ გააუარესებს თბილისის და კიევის ურთიერთობას უკრაინის სამთავრობო პოსტებზე საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნა, დავით კერესელიძემ უპასუხა, რომ ეს ორი ქვეყნის ურთიერთობას არ დააზარალებს. „დანიშვნა იმ ადამიანებისა, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, ძალიან ცუდი იქნებოდა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენებს, მათი დანიშვნა უკრაინის სუვერენული უფლებაა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. დავით კერესელიძის თქმით, საქართველო წარმატებას უსურვებს ყველას, ვინც უკრაინას დაეხმარება გამოწვევების დაძლევასა და რეფორმების განხორციელებაში. კერესელიძის განცხადებითვე, უკრაინა და საქართველო სტარტეგიული პარტნიორები არიან და საერთო გამოწვევები და მისწრაფებები აქვთ.

XS
SM
MD
LG