Accessibility links

logo-print

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: უვიზო მიმოსვლისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგა


საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და დარწმუნებული ვართ, ის ახალ სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა თბილისში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შტაინმაიერმა გერმანიაში ქართულ-გერმანული ბიზნესფორუმის ჩატარების ინიციატივა გამოთქვა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული კურსისადმი გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა და მზადყოფნა ორი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებითვე, მისი ქვეყანა არ აღიარებს რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის გაფორმებულ „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას.“ თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გერმანიის მტკიცე პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთი მსგავს შეთანხმებას ცხინვალის რეგიონისთვისაც ამზადებს. პრემიერის პრესსამსახურის ცნობითვე, დღევანდელი შეხვედრისას ღარიბაშვილმა და შტაინმაიერმა ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობაზე, ნატოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელების მექანიზმებზე და საქართველოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტზე, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე შედგება. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისიდან გაემგზავრა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 8 დეკემბერს შეხვდა ქართველ კოლეგას თამარ ბერუჩაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.

XS
SM
MD
LG