Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერმა ჰეიგელს საჰაერო იერიშების და იარაღის მიწოდების გაძლიერება სთხოვა


ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ჩაკ ჰეიგელს სთხოვა დასავლეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა მეტი იერიში განახორციელონ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინააღმდეგ და მეტი შეიარაღება იქნეს მიწოდებული მათთან საბრძოლველად. ბაღდადში, ჰეიგელთან მოლაპარაკების დაწყებამდე აბადიმ განაცხადა, ერაყის ძალები „მნიშვნელოვნად მიიწევენ წინ, მაგრამ მეტი საჰაერო ძალა და მძიმე შეიარაღება გვესაჭიროებაო.“. ბაღდადში ჩასვლის შემდეგ ჰეიგელმა განაცხადა, აშშ-ს ერაყში მხოლოდ მხარდამჭერის როლის შესრულება შეუძლია, ხოლო ერაყის ძალებმა თავად უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან ბრძოლაში და სხვა გამოწვევებთან გამკლავებაშიო. ჰეიგელი ბოლო ვიზიტს ახორციელებს პენტაგონის ხელმძღვანელის რანგში. ეს განცხადება მან ბაღდადში გააკეთა, ერაყში მოულოდნელად ჩასვლის შემდეგ. ჰეიგელის თქმით, აშშ წვრთნის, ეხმარება და რჩევებს აძლევს ერაყის ძალებს, მაგრამ პროგრესის გზა ბაღდადში ინკლუზიური მთავრობის ფორმირებაა. ჰეიგელი გადადგა 24 ნოემბერს, თუმცა თანამდებობაზე რჩება მანამ, სანამ მის შემცვლელს დაამტკიცებენ. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰეიგელის შემცვლელად ეშტონ კარტერი წარადგინა.

XS
SM
MD
LG