Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატი: CIA-მ ოფიციალური პირები შეცდომაში შეიყვანა დაკითხვის „სასტიკი“ მეთოდების თაობაზე


აშშ-ის სენატის ანგარიშის თანახმად, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მიმართ გამოიყენა დაკითხვის „სასტიკი“ მეთოდები, „გაცილებით უარესი“, ვიდრე ისინი ოფიციალურ პირებს აცნობებდნენ და ამ მეთოდებს არ მოჰყოლია სწორი ინფორმაციის მოპოვება. სენატის დაზვერვის კომიტეტის მიერ 9 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ დაკითხვის გაძლიერებული მეთოდების გამოყენება „არ იყო ეფექტიანი საშუალება სწორი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ან პატიმართა თანამშრომლობაზე დასაყოლიებლად.“ ანგარიში ვაშინგტონის სადაზვერვო უწყებას ბრალს სდებს, რომ მან შეცდომაში შეიყვანა „პოლიტიკის შემუშავებაზე მომუშავე პირები და სხვები“ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მიმართ გამოყენებული დაკითხვის მეთოდების სისასტიკის დონის შესახებ, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდგომ წლებში. ანგარიშის თანახმად, მეთოდები მოიცავდა ფიზიკურ ზემოქმედებას, რომელიც განხორციელდა „მიუხედავად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სამედიცინო გუნდის გაფრთხილებისა“, რომ მათ ფიზიკური ტრავმების გამოწვევა შეეძლოთ. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ანგარიშში აღწერილ გარემოებებს „შემაშფოთებელი“ უწოდა და განაცხადა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წამება იმიტომ ავკრძალე, რომ ის „ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგებაო.“

XS
SM
MD
LG