Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატის კომიტეტის ანგარიშის შემდეგ სამართლებრივი დევნისკენ მოწოდება ისმის


გაეროს ადამიანის უფლებათა მაღალი რანგის წარმომადგენელი და უფლებადამცავი ჯგუფები აშშ-ის იმ ოფიციალური პირების სამართლებრივი დევნისკენ მოწოდებით გამოვიდნენ, რომლებიც გარეული არიან ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მიმართ დაკითხვის „სასტიკი“ მეთოდების გამოყენებაში, როგორც ეს არის აშშ-ის სენატის ანგარიშში ფორმულირებული. სენატის დაზვერვის კომიტეტის მიერ 9 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს მიერ დაკითხვის გაძლიერებული მეთოდების გამოყენება „არ იყო ეფექტიანი საშუალება სწორი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ან პატიმართა თანამშრომლობაზე დასაყოლიებლად.“ ანგარიში ვაშინგტონის დაზვერვის უწყებას ბრალს სდებს, რომ მან შეცდომაში შეიყვანა „პოლიტიკის შემუშავებაზე მომუშავე პირები და სხვები“ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მიმართ გამოყენებული დაკითხვის მეთოდების სისასტიკის დონის შესახებ, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდგომ წლებში. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ანგარიშში აღწერილ გარემოებებს „შემაშფოთებელი“ უწოდა . გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ბენ ემერსონმა განაცხადა, რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლების მიმართ, ვინც ამ დანაშაულს გეგმავდა და ნებართვას იძლეოდა, უნდა დაიწყოს სამართლებრივი დევნა. ეს ეხება დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს და აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პირებს, ვინც წამებისთვის არის პასუხიმგებელი. ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირი, რომლის აზრით, გენერალურმა პროკურორმა უნდა დაასახელოს საგანგებო პროკურორი, რომელიც გამოიძიებს ოფიციალური პირების ქმედებას, რომლებმაც შექმნეს, დაამტკიცეს, განახორციელეს და დაფარეს წამების პროგრამა.

XS
SM
MD
LG