Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი გამოდის შსს-დან უშიშროების სამსახურის გამოყოფის ინიციატივით


საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის ინიციატივით. ამ საკითხზე მან ისაუბრა 10 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უკვე გასცა დავალება, შეიქმნას საგანგებო სამუშაო ჯგუფი: „ეს სამუშაო ჯგუფი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე, აბსოლუტურად ღია იქნება. ყველას მიეცემა საშუალება, იქნება ეს NGO-სექტორი, უცხოელი თუ ადგილობრივი სპეციალისტები, პარლამენტი, მთავრობა – რომ დასხდნენ და ერთად შევიმუშავოთ, თუ რომელი მოდელი აჯობებს, თუ რომელი მოწყობა იქნება ყველაზე ოპტიმალური ჩვენი რეალობისთვის. შეიძლება უსაფრთხოების ბლოკი გამოეყოს ცალკე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სახით, სადაც სპეცსამსახურები შევლენ და ცალკე იქნება პოლიციური დანაყოფები. ეს არის იდეის დონეზე, ამას სჭირდება ახლა კარგი დაგეგმარება“, განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი განმარტებით, სამუშაო ჯგუფი რეკომენდაციებზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მათ მთავრობას წარუდგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის გეგმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში ჩაიწერა კოალიცია „ქართული ოცნების“ დაპირებათა სიაში.

XS
SM
MD
LG