Accessibility links

logo-print

აშხაბადში გაიმართა საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტების შეხვედრა


დღეს აშხაბადში გაიმართა საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტების გიორგი მარგველაშვილისა და გურბანგული ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა და ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების მოლაპარაკება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო თურქმენეთს ცენტრალური აზიის რეგიონში მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორად განიხილავს და აუცილებელია, რომ თანამშრომლობა ყველა სფეროში განვითარდეს. საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისათვის. აშხაბადში მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილმა და გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც საუბარია სახელმწიფოთა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებზე და ხაზგასმულია საერთაშორისო სამართლის ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორიცაა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საზღვრების ურღვეობისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების პატივისცემა. დღესვე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და თურქმენეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ხელი მოაწერეს ტრანსპორტის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ ხელსაყრელ პირობებს ორ ქვეყანას შორის სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის და ტრანზიტის გასამარტივებლად. თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი საქართველოსა და თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელებმაც.

XS
SM
MD
LG