Accessibility links

logo-print

რუბლის კურსი ვარდნას განაგრძობს


რუსული რუბლის კურსი ვარდნას განაგრძობს მას შემდეგაც, რაც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მკვეთრად გაზარდა ამოსავალი საპროცენტო განაკვეთი რუბლის გაუფასურების შესაჩერებლად. 16 დეკემბერს, ნაშუადღევს დოლარის ფასი მოსკოვში თითქმის 80 რუბლამდე გაიზარდა, ევროსი - 100 რუბლამდე. მაგრამ მოგვიანებით რუბლი გაძლიერდა და ერთ დოლართან მიმართებით 72-მდე ჩამოვიდა. ევრო კი 91 რუბლი ღირდა. მას შემდეგ, რაც 15 დეკემბერს დოლარის ფასი 63 რუბლს გასცდა, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გვიან საღამოს გამოაცხადა, რომ 10,5%-დან 17%-მდე ზრდის ამოსავალ საპროცენტო განაკვეთს. ამას მოჰყვა რუბლის გაძლიერება - დოლართან მიმართებით 60-მდე ჩამოსვლა, მაგრამ მოგვიანებით რუბლი კვლავ გაუფასურდა. რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ელვირა ნაბიულინა ასე განმარტავს რუბლის კურსის დაცემის მიზეზებს: „ბოლოხანს შეინიშნებოდა ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრად, მნიშვნელოვნად დასუსტება. ამის მთავარი მიზეზებია როგორც ნავთობის ფასის შემცირება, ისე ჩვენი კომპანიებისათვის, ჩვენი ბანკებისათვის შესაძლებლობის წართმევა, მიმართონ დაფინანსების საერთაშორისო წყაროებს“, - განმარტა რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ 16 დეკემბერს მედიასაშუალებებთან "როსია 24"-თან და "როიტერსთან" ინტერვიუში. 15 დეკემბერს, ერთ დღეში რუბლის მკვეთრად, 10%-ით გაუფასურების შედეგად, წლევანდელი მაჩვენებლებით, მას ღირებულების თითქმის 50% აქვს დაკარგული. ამით მან გაუსწრო უკრაინულ ვალუტას, ჰრივნას, რომელიც წელს მსოფლიოში ყველაზე მკვეთრად გაუფასურებული ვალუტა იყო.

XS
SM
MD
LG