Accessibility links

logo-print

პაკისტანში 16 დეკემბრის მსხვერპლს გლოვობენ


პაკისტანში დაიწყო სამდღიანი გლოვა 16 დეკემბერს „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად ქალაქ ფეშავარის სამხედრო სასწავლებელში 141 ადამიანის დაღუპვის გამო. მათ შორის 132 ბავშვი, ცხრა კი სკოლის თანამშრომელი იყო. პაკისტანის არმიის ინფორმაციით, თავდასხმა განახორციელა შვიდმა შეიარაღებულმა პირმა. ყველა მათგანს ეცვა დანაღმული ჟილეტები, ისინი განუწყვეტლივ შედიოდნენ კლასიდან კლასში და ესროდნენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. დაიჭრა 125 პირი. არმიის საჯარო სკოლაზე თავდასხმა რვა საათს გაგრძელდა. პაკისტანის „თალიბანის“ წარმომადგენელმა მუჰამედ უმარ ხორასანიმ განაცხადა, რომ ეს იყო შურისძიება „თალიბანის“ წინააღმდეგ პაკისტანის არმიის ქმედებების გამო: „ჩვენ თავდასხმისთვის ავირჩიეთ არმიის საჯარო სკოლა იმის გამო, რომ პაკისტანის მთავრობას სამიზნეში ჰყავს ამოღებული ჩვენი ოჯახები და ქალები“, - განაცხადა ხორასანიმ. პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი ჩავიდა ფეშავარში. მან მთელი ქვეყნის მასშტაბით სამდღიანი გლოვა გამოაცხადა: „ისინი ჩემი შვილები იყვნენ. ეს ჩემი დანაკარგია. ეს ქვეყნის დანაკარგია“. შარიფმა მოუწოდა ყველა საპარლამენტო პარტიას 17 დეკემბერს შეიკრიბონ ფეშავარში და იმსჯელონ რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე. სკოლაზე თავდასხმის საპასუხო ოპერაცია უკვე დაწყებულია. არმიის წარმომადგენელმა ასიმ ბაჯვამ „ტვიტერზე“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეამბოხეთა წინააღმდეგ 10 საჰაერო იერიში განხორციელდა ხაიბერის რაიონში.

XS
SM
MD
LG