Accessibility links

იანოშ ჰერმანმა საქართველოს მიულოცა ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩაშვილთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს მიულოცა ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება.“ ეს იყო ისტორიული სამართლიანობის აღდგენის ნიშანი, ქართველი ერის ნების გამოხატულება და საქართველოს მიღწევების აღიარება“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა. მისივე შეფასებით, ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება საქართველოსადმი ევროპარლამენტის სრულ ნდობას გამოხატავს. ამასთან, იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების განხორციელება იოლი არ იქნება არც საქართველოსთვის და არც ევროკავშირისთვის, რადგან მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გულისხმობს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის განცხადებით, შეთანხმების ამოცანაა საქართველოში გაძლიერდეს დემოკრატია და კანონის უზენაესობა, გაუმჯობესდეს პოლიტიკური კლიმატი და გაგრძელდეს სასამართლო სისტემის რეფორმირება. იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, რომ საერთო მიზანია სავიზო პოლიტიკის ლიბერალიზაციაც და ამ გზაზე საქართველო და ევროკავშირი მომდევნო თვეებში ერთად ივლიან. იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროპარლამენტმა გუშინ კვლავ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ და მტკიცედ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან ერთად იმუშავებს კონფლიქტების მოსაგვარებლად. „ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს იმ გზაზე, რომელზეც ერთად დავდექით და გვსურს მაღალგანვითარებულ ევროპულ ოჯახში ვნახოთ საქართველო, როგორც სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

XS
SM
MD
LG