Accessibility links

logo-print

თამარ ბერუჩაშვილი: ასოცირების შეთანხმება არ არის ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საბოლოო მიზანი


ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების გამო დღეს თბილისში პრესკონფერენცია გამართეს სტრასბურგიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა. თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია ევროპარლამენტის მიერ საქართველოსა და მისი ევროპული მომავლის ცალსახა მხარდაჭერის დემონსტრირებაა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სამართლებრივი და სიმბოლური დატვირთვა აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება საქართველოს განვითარების, უსაფრთხოების და გამთლიანების გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. მინისტრის განმარტებით, შეთანხმებით, საქართველო იღებს ვალდებულებას ეტაპობრივად დანერგოს ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები, რაც ქვეყანას და ხალხს კეთილდღეობას და სტაბილურობას მოუტანს. ამასთან, თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების განხორციელება საკმაოდ შრომატევადი და გამოწვევებით აღსავსე პროცესია, რომელიც მთავრობის, პოლიტიკური ძალების და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და თანადგომას მოითხოვს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზად არის განაგრძოს ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები და მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს ამ პროცესის წარმატებით უზრუნველსაყოფად. თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ამ პროცესში დაეხმარებიან არა მხოლოდ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, არამედ სხვა საერთაშორისო პარტნიორები და საფინანსო ინსტიტუტები. „ასოცირების შეთანხმება არ არის ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საბოლოო მიზანი, ეს არის ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი საინტერესო და საპასუხისმგებლო გზის დასაწყისი, რომელიც რეალობად აქცევს ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას“ - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

XS
SM
MD
LG