Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედგარს რინკევიჩსი: ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო რეჟიმი საქართველომ შეიძლება რიგის სამიტზე მიიღოს


ედგარს რინკევიჩსი
ედგარს რინკევიჩსი

2015 წლის იანვრიდან ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობას ლატვია ჩაიბარებს. მომავალი ექვსი თვის განმავლობაში რიგა უმასპინძლებს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს, განსაზღვრავს ევროკავშირის პოლიტიკას რუსეთის მიმართ და შეეცდება ბლოკის დაახლოებას შუა აზიის რეგიონთან. ამ და სხვა გეგმებზე რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ ჩამოართვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარს რინკევიჩსს. ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის პირველი შეკითხვა რიგაში მაისში დანიშნულ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს ეხებოდა − რა შედეგის მიღება სურს ლატვიას ამ სამიტისგან?

ედგარს რინკევიჩსი: ჩემი პერსპექტივიდან, ნამდვილად ვეცდები იმის მიღწევას, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტმა ძალიან მკაფიო სიგნალი გაგზავნოს − რომ ევროკავშირი პროცესებში ჩართულია და უწინდელივით აქტიურად ავითარებს თანამშრომლობას აღმოსავლელ პარტნიორებთან. ამასთან, აღმოსავლელი პარტნიორები ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ. ესაა ექვსი ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფი, რომლის წევრებს განსხვავებული მისწრაფებები აქვთ ევროკავშირთან თანამშრომლობისა თუ თავიანთი, შიდა განვითარების თვალსაზრისით. ამდენად, ჩემი აზრით, ის ქვეყნები, რომლებსაც ლიდერებად მივიჩნევთ, ჩამოყალიბდნენ ერთგვარ ქვეჯგუფად, რომელთან მიმართებითაც ევროკავშირი აგრძელებს და აღრმავებს დახმარებას. ამასთან, არის ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოება და მათ განვითარებაზე მოქნილად უნდა ვიზრუნოთ, გარკვეულ ჩარჩოში, თუმცა მაინც უნდა შევიმუშაოთ სპეციფიკური, უფრო ინდივიდუალური კავშირები. ამასთან, ჩემს იდეალურ სამყაროში სიამოვნებით ვნახავდი, სულ მცირე ერთ ან, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტ აღმოსავლელ პარტნიორს, რომელთან მიმართებითაც გაფართოვდება და შემოღებულ იქნება ვიზების ლიბერალიზაციის პროგრამა.

რადიო თავისუფლება: ვიზების ლიბერალიზაცია ახსენეთ − შესაძლოა, საქართველოსთვის, ან უკრაინისთვის. რაც შეეხება მოლდავეთს, ეს ქვეყანა სად იმყოფება ამ პროცესში?

ედგარს რინკევიჩსი: მოლდავეთისთვის ვიზების ლიბერალიზაცია უკვე მიღწეული ეტაპია. ჩემი აზრით, ეს წარმატების მაგალითია, რადგან მოლდავეთმა აჩვენა, რომ შეუძლია მთელი საშინაო დავალების შესრულება, ყველა იმ ტექნიკური საკითხის მოგვარება, რომლებიც ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ამ პროგრამის მიღებამდე უნდა გადაიჭრას. ამავე დროს, ევროკავშირმაც უერთგულა პირობას, რომ თუ ქვეყნები დავალებას შეასრულებენ, არც ჩვენ გავუტეხავთ პირს. ამ თვალსაზრისით, ჩემი აზრით, დანარჩენ ქვეყნებსაც აქვთ რეალისტური შანსი, იგივე გაიმეორონ. კომისიის მხრიდან ჩვენ საქართველოს ვითარების შეფასებას მოველით. უკრაინასთან ეს საკითხი უკვე განვიხილეთ. ვხედავთ, რომ ეს ქვეყანა პროცესს ოდნავ ჩამორჩება, მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური მიზეზებით. მაგრამ, ვფიქრობ, ამ ქვეყნებსაც ექნებათ შანსი, თუ ნამდვილად სურთ, ვიზების ლიბერალიზაციის რეჟიმს რიგის სამიტისთვის მიაღწიონ. ამასთან, ვიტყოდი, რომ როცა აღმოსავლეთის პარტნიორობას მთლიანობაში განვიხილავთ, ორივე მხარემ, ევროკავშირმაც და აღმოსავლელმა პარტნიორებმაც, თავიანთი მოლოდინი რეალობას უნდა შეუსაბამონ. პროცესები ზოგჯერ სწრაფად განვითარდება. უნდა გავითვალისწინოთ მოლდავეთის, საქართველოსა თუ სხვა ნებისმიერი აღმოსავლელი პარტნიორის მთელი საზოგადოების სოციალური, საჯარო, ეკონომიკური მახასიათებლები. და ზოგიერთ შემთხვევაში აღმოსავლელმა პარტნიორებმა უნდა გაითავისონ, რომ ძალიან ბევრი რეფორმა აქვთ გასატარებელი. მათ ევროკავშირის 28-ვე წევრი უნდა დაარწმუნონ, რომ მომავალში გადაიდგმება აუცილებელი ნაბიჯები. გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის კიდევ უფრო მეტად გასაძლიერებლად ევროკავშირის წიაღში.

რადიო თავისუფლება: იმ პერიოდში, როცა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ლატვია იქნება, გაიმართება რთული დისკუსიები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თაობაზე. მარტიდან ეს სანქციები ან უნდა განახლდეს, ან შეწყდეს. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, უნდა გაუხანგრძლივდეს თუ არა სანქციებს მოქმედების ვადა?

ედგარს რინკევიჩსი: ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა. თუ უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტზე ვითარების გაუმჯობესების მომსწრენი ვიქნებით, თუ ვნახავთ, რომ ზავს იცავენ, რომ მინსკის შეთანხმებას − რომელიც რუსეთსაც ეხება − ახორციელებენ და ვითარება რეალურად ადგას გაუმჯობესების გზას, შესაძლოა, განვიხილოთ სანქციათა ნაწილის შერბილების, ან მოხსნის შესაძლებლობა. მაგრამ თუ დავინახავთ, რომ სიტუაცია უარესდება, დაძაბულობა ესკალაციას განიცდის, მაშინ, რასაკვირველია, მზად ვიქნებით საიმისოდ, რომ კიდევ უფრო მკაცრ პოზიციაზე დავდგეთ, და, სავარაუდოდ, ახალი სანქციებიც დავაწესოთ. მომავალ კვირებზე და თვეებზე ბევრია დამოკიდებული. ახლა, დეკემბერში, თავს შევიკავებდი იმაზე ლაპარაკისგან, თუ რა ვითარებას მივიღებთ მარტში. თუმცა, ვფიქრობ, რაც ზემოთ აღვწერე, წარმოადგენს ძირეულ პოზიციას, რომელსაც ევროკავშირის წევრთა უმეტესობა იზიარებს.

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, არსებობს თუ არა კონკრეტული მედიასტრატეგია, რომლის გამოყენებაც ევროკავშირს შეუძლია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, რათა წინააღმდეგობა გაეწიოს რუსეთის მხრიდან წარმოებულ მედიაპროპაგანდას, რომლის მომსწრენიც ვართ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან?

ედგარს რინკევიჩსი: დიახ, მე ვთვლი, რომ ევროკავშირმა უნდა მოამზადოს სტრატეგიული კომუნიკაციის პასუხი. ამ საკითხზე უკვე კარგა ხანია, ვმსჯელობთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში. ვფიქრობ, ევროკავშირში უნდა ვიმუშაოთ ახალი ამბების გარკვეული არხის შექმნაზე; ტელეარხისა, რომლის მაუწყებლობა ბევრ გასართობ გადაცემასაც მოიცავს და გათვლილი იქნება რუსულენოვან აუდიტორიაზე, უწინარესად ევროკავშირის შიგნით; არა მხოლოდ ლატვიასა და ესტონეთში, სადაც რუსების საკმაოდ მოზრდილი ჯგუფები ცხოვრობენ, არამედ სხვა წევრ ქვეყნებშიც, მაგალითად ბელგიაში, გერმანიაში, ბრიტანეთში, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში გაიზარდა რუსი მოსახლეობის რაოდენობა. ვფიქრობ, ამ ჯგუფებს უნდა მივმართოთ. რისი გაკეთებაც შეგვიძლია − და ლატვია ამ წამოწყების ერთ-ერთი მომხრეა − ეს არის პანევროპული ტელეარხის შექმნა, რომელიც განსხვავებული იქნება რუსულენოვანი „ევრონიუსის“, ან ბიბისის რუსული სამსახურისგან. ეს უფრო ახალი ამბების ნაკრები იქნება - ინფორმაციის, რომელიც პროპაგანდას კი არ ემსახურება, არამედ წარმოადგენს ნამდვილად ზუსტ, ფაქტებზე დამყარებულ რეპორტაჟებს, ვრცელი კომენტარებისა და ისეთი დამატებების გარეშე, რომლებსაც დღეს „რაშა ტუდეი“ და სხვა არხები გვთავაზობენ. ამასთან, არხმა გასართობი განზომილებაც უნდა მოიცვას. ევროკავშირის შიგნით ამ წამოწყებას ყველა არ ემხრობა, თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში ვამჩნევ, რომ იზრდება ამ პოზიციის მხარდამჭერი წევრი ქვეყნების რიცხვი. ამავე დროს, სტრატეგიულმა კომუნიკაციამ უნდა მოიცვას ფართომასშტაბიანი რეაგირება, არა მხოლოდ ტელევიზიის გზით, არამედ სოციალური მედიის გამოყენებითაც. სწორი მეთოდების, რეაგირების სწორი მექანიზმის შესამუშავებლად უნდა გავაანალიზოთ რუსეთის მხრიდან წარმოებული პროპაგანდა. მაგრამ ჩვენი პასუხი უნდა იყოს არა იმავეს გამეორება, არამედ ევროკავშირის საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, ისევე, როგორც ამავე გზით თავად რუსეთისთვის ხელის გაწვდენა.

რადიო თავისუფლება: მსოფლიოს კიდევ ერთი რეგიონი, რომლის მნიშვნელობის ხაზგასმასაც ლატვია ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს აპირებს, შუა აზიაა. კონკრეტულად რისი მიღწევა გსურთ ამ ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირისა და შუა აზიის ურთიერთობის თვალსაზრისით?

ედგარს რინკევიჩსი: ნამდვილად გვინდა, გადავსინჯოთ ევროკავშირ-შუა აზიის სტრატეგია, რომელიც 2007 წელს იქნა მიღებული. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი და ყოვლისმომცველი სტრატეგია იყო, მაგრამ უკვე რვა წელია გასული და ამიტომ, ჩვენი წინადადებით, ახლა ყურადღება უნდა გავამახვილოთ სამ სტრატეგიულ პრიორიტეტზე. პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხოება. ვიცით, რომ შუა აზია და, განსაკუთრებით, ამ რეგიონის რამდენიმე ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ავღანეთთან მიმართებით. ამასთან, როგორც ცნობილია, შუა აზიის ზოგიერთ ქვეყანას შორის გარკვეული უთანხმოებაა წყლის მართვა-მოხმარების საკითხში, არის გარკვეული ეთნიკური დაძაბულობაც. რეგიონის ეს სირთულეები არ უნდა უგულებელვყოთ. მეორე მიზანია განათლება და საზოგადოებების მოდერნიზება. ვფიქრობ, შუა აზიის ქვეყნებიდან მეტი და მეტი სტუდენტის მოწვევით ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ ქვეყნების მოდერნიზებას და, ამავე დროს, ადგილზე სამოქალაქო საზოგადოებებსაც გავაძლიერებთ. ბოლო პუნქტია განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა, თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, რაც, ჩემი აზრით და რწმენით, ორივე მხარისთვის მოგებიანი იქნება. ამ სამი მთავარი მიმართულებით მუშაობას თუ შევძლებთ, თუ შევთანხმდებით როგორც ევროკავშირი, ისე შუა აზიის ქვეყნები ცალ-ცალკე და როგორც რეგიონი, მაშინ შესაძლებელი იქნება ითქვას, რომ ჩვენი მიზანი და პრიორიტეტები ხორცშესხმულია.

XS
SM
MD
LG