Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: თავდაცვის სამინისტრო არ უნდა აკეთებდეს პოლიტიკურ განცხადებებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, თავდაცვის სამინისტრო არ უნდა აკეთებდეს იმ ტიპის პოლიტიკურ განცხადებებს, როგორითაც ეს უწყება 20 დეკემბერს გამოეხმაურა უკრაინაში ქართველი მოხალისის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვას და მომხდარზე პასუხისმგებლობა დააკისრა წინა ხელისუფლებას. “ მეც არ მომეწონა ეს განცხადება და მე მიმაჩნია, რომ ამ ტიპის პოლიტიკური შინაარსის განცხადება არ უნდა გაეკეთებინა თავდაცვის სამინისტროს. მე თვითონ ვესაუბრე მინისტრს და თვითონაც ძალიან შეწუხებულია. მინდა პირველ რიგში მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, მე ქედს ვიხრი ამ ადამიანის ხსოვნის წინაშე. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რა თქმა უნდა, მე მას არ ვიზიარებ. ეს იყო ემოციური და პოლიტიკური შინაარსის და მე მიმაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტრო არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებებს. მაგრამ მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ამ ვითარებაში დრამატიზებას ნუ მოვახდენთ, შეცდომა ყველას მოსდის, შეცდომისგან არავინ ვართ დაზღვეული, ადამიანები ვართ. მაგრამ, შეცდომას სჭირდება აღიარება და ბოდიშის მოხდა. მე მიმაჩნია, რომ მინისტრი ამას გააკეთებს“ - განაცხადა გუდაურში მყოფმა ღარიბაშვილმა. თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც გრიგოლაშვილის დაღუპვაზე სრულ პასუხისმგებლობას ყოფილ ხელისუფლებას აკისრებდა და საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუწოდებდა „არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში“. განცხადება მწვავე პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა, ის გააკრიტიკეს როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. გრიგოლაშვილი ლუგანსკის ოლქში დაიღუპა. ის უკრაინაში რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა და სადაზვერვო ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა.

XS
SM
MD
LG