Accessibility links

logo-print

კრიტიკის ფონზე თავდაცვის სამინისტრომ წაშალა განცხადება უკრაინაში დაღუპულ მოხალისეზე


პრემიერ-მინისტრის, მმართველი გუნდის სხვა წევრების, ოპოზიციის თუ საზოგადოების წარმომადგენლების მწვავე კრიტიკის ფონზე თავდაცვის სამინისტრომ ვებსაიტიდან და ფეისბუქის გვერდიდან წაშალა განცხადება, რომლითაც ის 20 დეკემბერს გამოეხმაურა უკრაინაში ქართველი მოხალისის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვას და მომხდარზე პასუხისმგებლობა დააკისრა წინა ხელისუფლებას. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ თავდაცვის სამინისტრო არ უნდა აკეთებდეს ასეთ ტიპის პოლიტიკურ განცხადებებს. “ მეც არ მომეწონა ეს განცხადება და მე მიმაჩნია, რომ ამ ტიპის პოლიტიკური შინაარსის განცხადება არ უნდა გაეკეთებინა თავდაცვის სამინისტროს. მე თვითონ ვესაუბრე მინისტრს და თვითონაც ძალიან შეწუხებულია. მინდა პირველ რიგში მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, მე ქედს ვიხრი ამ ადამიანის ხსოვნის წინაშე. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რა თქმა უნდა, მე მას არ ვიზიარებ. ეს იყო ემოციური და პოლიტიკური შინაარსის და მე მიმაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტრო არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებებს. მაგრამ მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ამ ვითარებაში დრამატიზებას ნუ მოვახდენთ, შეცდომა ყველას მოსდის, შეცდომისგან არავინ ვართ დაზღვეული, ადამიანები ვართ. მაგრამ, შეცდომას სჭირდება აღიარება და ბოდიშის მოხდა. მე მიმაჩნია, რომ მინისტრი ამას გააკეთებს“ - განაცხადა გუდაურში მყოფმა ღარიბაშვილმა. ვებსაიტიდან 21 დეკემბერს წაშლილი განცხადება თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს გაავრცელა. განცხადებაში უწყება გრიგოლაშვილის დაღუპვაზე სრულ პასუხისმგებლობას ყოფილ ხელისუფლებას აკისრებდა და საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუწოდებდა „არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში“. გრიგოლაშვილი ლუგანსკის ოლქში დაიღუპა. ის უკრაინაში რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა და, როგორც იუწყებიან, ხელმძღვანელობდასადაზვერვო ქვედანაყოფს.

XS
SM
MD
LG