Accessibility links

logo-print

ერაყიდან იუწყებიან ფეშმერგას არმიის წარმატებებზე


ერაყელი ქურთების ლიდერის, მასუდ ბარზანის თანახმად, სტრატეგიული წარმატებები მოიპოვა ქურთთა ფეშმერგას არმიამ, რომელიც ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სინჯართან ებრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს. ბარზანი ამ განცხადებით გამოვიდა 21 დეკემბერს, სინჯარის მთასთან ვიზიტის დროს. ამ მთას ერაყის იეზიდთა უმცირესობის ათი ათასობით წარმომადგენელმა შეაფარა თავი, როცა ქალაქი სინჯარი „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა დაიპყრეს. ბარზანის განცხადებით, გარღვეულია სინჯარზე ექსტრემისტების მიერ შემორტყმული ალყა და დევნილი მშვიდობიანი მოქალაქეების დამცველი მებრძოლებისთვის გაიხსნა მომარაგების მიწოდების ორი სახმელეთო გზა. ბარზანის განცხადებითვე, შეტევის შედეგად შესაძლოა გადაიჭრას „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების მომარაგების გზა, რომელიც ქალაქ მოსულს უერთდება. პარალელურად, შეტევის შედეგად ფეშმერგას მებრძოლებმა შეაღწიეს ქალაქ სინჯარში, მისი ცენტრის ჩათვლით. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინააღმდეგ სინჯარში და მის სიახლოვეს 21 დეკემბერს ოთხი საჰაერო იერიში განახორციელა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ, რის შედეგადაც განადგურდა ექსტრემისტების მიერ დაკავებული შენობები და მათი მძიმე შეიარაღება.

XS
SM
MD
LG