Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ჟიჟილაშვილი "მაესტროდან" გაათავისუფლეს


სამსახურიდან დაითხოვეს ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორის მოადგილე ნინო ჟიჟილაშვილი. მან სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ არხის დატოვებას თავად აპირებდა, თუმცა „მაესტროში“ გუშინ გამართული თათბირის შემდეგ არხის მფლობელმა კოტე გოგელიამ დაურეკა და აცნობა, რომ ტელეკომპანიაში აღარ მუშაობს. დღესვე სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ საინფორმაციო პროგრამის "მაესტროს ცხრიანის" მთავარმა პროდიუსერმა სოფო ზურაბიანმა აცნობა, რომ ტელეკომპანიაში უკვე განვითარებული და მოსალოდნელი პროცესების გამო არხს ტოვებს. ზურაბიანის ინფორმაციით, ახალ ბადეში "მაესტროს ცხრიანი" აღარ არის, ნინო ჟიჟილაშვილს კი ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი შეცვლის. „მაესტროში“ მუშაობაზე უარი თქვა კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა. ერთ-ერთი მათგანის, გიგი გაგუას თქმით, მან საინფორმაციო დამოუკიდებლობის გარანტია ვერ მიიღო. „ვერ ვიმუშავებ გარემოში, სადაც კოკა ყანდიაშვილმა უნდა გვიკარნახოს, რა დოზით უნდა გავაშუქოთ ესა თუ ის მოვლენა და რა აქცენტები უნდა დავსვათ“, - განაცხადა გაგუამ. თავად კოკა ყანდიაშვილმა ფეისბუკით გაავრცელა ინფორმაცია, რომტელეკომპანია "მაესტრო" არ უყიდია, არც დირექტორად ან მის მოადგილედ დანიშნულა და იანვრიდან "მაესტროზე" გადაცემას არ წაიყვანს. ყანდიაშვილის ცნობითვე, მისი მომავალი სტუდიის პროექტების შეძენის თაობაზე ნახევარ წელზე მეტია გრძელდება მოლაპარაკება "მაესტროსთან" და სხვა არხებთან. კერძოდ, კოკა ყანდიაშვილის ინფორმაციით, "მაესტრო" დაინტერესებულია ორი ტელეპროექტით - ფეხბურთზე რეალითი-შოუთი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუთი.

XS
SM
MD
LG