Accessibility links

logo-print

ბავშვთა სიღარიბე და სოციალური დაცვის სისტემა საქართველოში


2015 წლიდან ამოქმედდება სოციალურად დაუცველი ოჯახების სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგია. გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) მხარდაჭერით, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სოციალური დაცვის პროგრამის არსებული სისტემის გადასინჯვა. ახალი მეთოდოლოგია სტატუსის განსაზღვრისას ორიენტირებული იქნება ოჯახების შემოსავლებზე და არა ხარჯებზე. იუნისეფის რეკომენდაციით, უფრო მეტად იქნება გათვალისწინებული ბავშვთა საჭიროებები - კერძოდ, შემოღებული იქნება ყოველ ბავშვზე 10-ლარიანი დანამატი, რომელსაც მიიღებს ყველა ოჯახი, მათ შორის, 65-100 ათასი ქულის ჩათვლით, თუნდაც იგი არ იყოს მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღები.

სტატისტიკური ინფორმაციით, 2011 წლიდან სიღარიბის მაჩვენებლები გაუმჯობესდა. კერძოდ, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც დღეში 1,25 აშშ დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვთ, 5 პროცენტით შემცირდა და, 2013 წლის მდგომარეობით, მოსახლეობის 4 პროცენტს შეადგენს. ამ მიღწევის მიუხედავად, ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა და კვლავ საკმაოდ მაღალია. კერძოდ, საქართველოში ბავშვების 6 პროცენტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელმა, 2011 წელთან შედარებით, მოიმატა კიდეც. ამჟამად ბავშვები წარმოადგენენ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის ერთ მეოთხედზე მეტს - 28 პროცენტს. ბავშვიანი ოჯახის წევრები, ასევე წარმოადგენენ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა უმრავლესობას - 78 პროცენტს. სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა 64 პროცენტი ისეთ ოჯახში ცხოვრობს, სადაც არც ერთ წევრს არ აქვს შემოსავალი.

არსებული სოციალური დაცვის სისტემა მოძველებული იყო, ამიტომ გაჩნდა საჭიროება ახალი სისტემის შექმნისა. იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტი არ იძლევა ამ მიმართულებით დანახარჯების რადიკალურად ზრდის საშუალებას, იუნისეფმა გააანალიზა რამდენიმე ალტერნატივა, რომელიც არ ითვალისწინებდა საბიუჯეტო დანახარჯების ზრდას, თუმცა არსებული თანხების უფრო ეფექტიანად და მიზნობრივად გადანაწილებისკენ იყო მიმართული. ცვლილებები უმეტესად მოიცავს ბავშვთა საჭიროებების უფრო მეტად გათვალისწინებას და ბავშვიანი ოჯახებისთვის დამატებითი შეღავათების მიცემას.

ახალი სისტემის თანახმად, მოხდება სოციალურად დაუცველი ჯგუფების დიფერენცირება. ყველაზე მეტად გაჭირვებული ოჯახები მეტ დახმარებას მიიღებენ. 30 000 ქულამდე ოჯახებს 60-ლარიანი დახმარება ექნებათ, ყველაზე მაღალი ქულა 60 000-65 000 იქნება და ისინი 30-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ოჯახის ყველა წევრი ყველა დონეზე თანაბარ დახმარებას მიიღებს, განსხვავებით ამჟამად მოქმედი მეთოდისა, როცა ოჯახის უფროსი 60 ლარს იღებს, ყველა დანარჩენი კი 48 ლარს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვების ზრდასა და განვითარებაში ინვესტირება გრძელვადიან პერსპექტივაში ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე მომგებიანი ინვესტიციაა. ბავშვთა ადრეულ განვითარებაში ჩადებული სახსრები საშუალებას აძლევს მთავრობებს მომავალში დანახარჯები საგრძნობლად შეამცირონ. შესაბამისად, ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საბიუჯეტო რესურსების სწორად დაგეგმვას, რათა ის მომავალი თაობის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლეოდეს.

XS
SM
MD
LG