Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის სამინისტროს გარშემო „ისტერია“ უნდა დასრულდეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით საზოგადოებას "ისტერიის" დასრულებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთდა. "სრულიად გაუგებარია ჩემთვის ის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მოწოდებები იმის თაობაზე, რომ მინდია ჯანელიძე გადადგეს, მე მგონი არასწორი საუბარია. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უფრო გონივრული იქნება, დროზე დავასრულოთ ეს საუბარი და მართლაც ისტერია. მინდია ჯანელიძესთან მქონდა საუბარი. მას არც ეუხერხულება და არც არაფერი. ჩვენ ვისაუბრეთ და გამოვხატეთ პოზიცია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებაზე "ამხელა აჟიოტაჟი" ატყდა, ძალიან შეუსაბამო, შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელია თავდაცვის სამინისტროსთვის. საქართველოს სამხედრო უწყება ბოდიშის მოხდა და იმ განცხადების წაშლა მოუწია, რომელიც უკრაინაში ქართველი მოხალისის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო გაკეთდა და რომელშიც ნათქვამია, იყო, რომ უკრაინაში ქართველი სამხედროების ჩასვლის ინიციატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

XS
SM
MD
LG