Accessibility links

პაკისტანში სკოლაზე შეტევის მსხვერპლთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა, ლიდერებმა შეხვედრა გამართეს


პაკისტანის პოლიტიკურმა და სამხედრო ლიდერებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ახალი ეროვნული გეგმის განსახილველად, მას შემდეგ, რაც 24 დეკემბერს გამოცხადდა, რომ ფეშავარის სკოლაზე მიტანილი იერიშის შედეგად მიღებული ტრავმებით კიდევ 10 ბავშვი დაიღუპა. სამხედრო საჯარო სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, თალიბანის მიერ 16 დეკემბერს სკოლაზე მიტანილი იერიშის მსხვერპლთა რიცხვი ახლა 151-ს უტოლდება, მათ შორის 142 ბავშვია. პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა, რომელიც შეხვდა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, სამხედრო და სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელებს - განაცხადა, პაკისტანში „განსაკუთრებული ვითარებაა“ შექმნილი და ტერორიზმთან საბრძოლველადაც „განსაკუთრებული ნაბიჯები“ უნდა გადაიდგასო. ჯერჯერობით უცნობია მოხერხდა თუ არა სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიის შემუშავება. შარიფმა დადებითად ისაუბრა თალიბანის წინააღმდეგ ავღანეთის არმიის მიერ განხორციელებულ შეტევაზე ავღანეთის აღმოსავლეთში - მისი თქმით, ეს ქაბულის „კეთილ ნებას“ აჩვენებს. შარიფის თქმით, პაკისტანი იმოქმედებს იმ ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებიც ავღანეთს პაკისტანიდან ესხმიან თავს.

XS
SM
MD
LG